აუტიზმი - რა ვიცით მის შესახებ?
2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. დღეს, ალბათ, ვერ ნახავთ ადამიანს, სიტყვა აუტიზმი გაგონილი რომ არ ჰქონდეს, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რეალურად რა არის აუტისტური სპექტრის აშილობა, რა თავისებურებებით ხასიათდება ის, როგორია ამ მდგომარეობის მქონე ადამიანისთვის ყოველდღიურობა და რა გამოწვევებს აწყდებიან ოჯახები, რომელთაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე წევრი ჰყავთ.
აუტისტური სპექტრის აშლილობა – ტერმინს თუ დავუკვირდებით, სიტყვა “სპექტრი“ უკვე მიგვითითებს, რომ ამ აშლილობას მრავალგვარი და სხვადასხვა სირთულით თუ ინტენსივობით გამოხატული სიმპტომი ახასიათებს. მართლაც, თქვენ ვერ ნახავთ ამ აშლილობის მქონე ორ ერთნაირ ადამიანს. ისინი ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისგან სიმპტომებითა და შესაძლებლობებით. თუმცა, აუტისტური სპექტრის აშლილობებს აერთიანებთ გამოხატული პრობლემები სამი ძირითადი მიმართულებით: 1. მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარები; 2. სოციალური უნარები; 3. შეზღუდული ინტერესები ან/და სტერეოტიპული ქცევა. ამ აშლილობას შეიძლება ახლდეს გონებრივი ჩამორჩენა, ქცევის მართვის სირთულეები, ძილისა და კვების სირთულეები, თუმცა ეს პრობლემები ყველა შემთხვევაში არ გვხვდება.
მოდით, გავსცეთ პასუხი იმ შეკითხვებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვსმენია აუტისტური სპექტრის აშლილობის, ან ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების შესახებ.
- აუტიზმი დაავადებაა?
აუტიზმი არ არის ავადმყოფობა, არც დაავადება. ის აშლილობაა, რაც ნიშნავს, რომ ამ დიაგნოზის ადამიანს, არათუ რამე სჭირს (რისგანაც უნდა განიკურნოს), არამედ მისი ტვინი და სხეული, განსხვავებულად ფუნქციონირებს. ის ნეიროგანვითარების კომპლექსური დარღვევაა, რომელიც ამ დიაგნოზის მქონე ადამიანს მთელი ცხოვრება აქვს.
- როდის ხდება აუტიზმის დიაგნოსტირება და სპეციალისტის ჩარევა?
რიგ შემთხვევებში აუტიზმის ნიშნები დაბადებიდანვე აშკარაა. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვი კარგად ვითარდება რაღაც ასაკამდე, და შემდეგ იწყება ცვლილებები განვითარებაში. აუცილებელია დროული დიაგნოსტირება და ინტერვენციის რაც შეიძლება ადრე დაწყება. ადრეული ინტერვენცია მაქსიმალურად კარგ შედეგს იძლევა – ამცირებს სიმპტომებს და ზრდის პიროვნების დამოუკიდებლობისა და ფუნქციურობის ხარისხს.
- შეიძლება აუტიზმი აცრამ გამოიწვიოს?
უკვე უამრავი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ არის. მაშ რა იწვევს აუტიზმს? მისი ზუსტი გამომწვევი ჯერაც არ ვიცით, თუმცა დღესდღეობით მიიჩნევა, რომ ეს გენეტიკისა და გარემოფაქტორების კომბინაციაა.
- აუტიზმის მქონე ადამიანებს განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ?
ეს მითი მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც ეკრანებზე ცნობილი ფილმი “წვიმის კაცი“ გამოვიდა. რა თქმა უნადა, აუტიზმის მქონე ადამიანებში, ისევე როგორც ამ ამ დიაგნოზის არმქონე ადამიანებში, არიან ფენომენალური ნიჭის, მაგალითად გასაოცარი მეხსიერების მქონენი, თუმცა ეს არც ისე ხშირია. აუტიზმის მქონე ადამიანებს მართლაც აქვთ ძლიერი მხარეები (მაგალითად კარგი ვიზუალური მეხსიერება), რომელიც მათი მაქსიმალური ადაპტაციისთვის უნდა გამოვიყენოთ.
- რამდენად ხშირია აუტისტური სპექტრის აშლილობა?
აუტისტური სპექტრის აშლილობა დაახლოებით 59-დან ერთ ბავშვს აქვს. ის 3-4 ჯერ უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. გოგონებში ეს აშლილობა შედარებით უფრო მსუბუქი სიმპტომებითაა გამოხატული, ვიდრე ვაჟებში.
- შეუძლიათ აუტიზმის მქონე ადამიანებს ჩვეულებრივ ცხოვრება?
რა თქმა უნდა! აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დიდი ნაწილი, სათანადო თერაპიისა და ხელშეწყობის პირობებში, დამოუკიდებლად ფუნცქიონირებენ. თუმცა დამოუკიდებლობის ხარისხი განსხვავებულია, ზუსტად ისევე, როგორც სიმპტომების სიმძიმის ხარისხი. დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ ინტერვენციას, ოჯახის მხარდაჭერას და საზოგადოების მზაობას.
საჭიროა, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ – საზოგადოებას ამ მდგომარეობის მქონე ადამიანთა ცხოვრების ხარისხის განსაზღვრაში.