დეპრესია ბავშვებში
ბავშვობა, როგორც წესი, ყველასთვის ბედნიერებას, სიხარულს, სილაღეს უკავშირდება. ამდენად, დეპრესიაზე საუბარი ბავშვთან მიმართებაში შეიძლება ძალიან უჩვეულოდ და დაუჯერებლად მოგვეჩვენოს. ალბათ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ დეპრესიული გამოვლინებები ბავშვებში, როგორც წესი, სიზარმაცის, ცუდი ხასიათის, პესიმიზმის, ეგოიზმის ნიშნებად აღიქმება.
ბავშვთა დეპრესია ფსიქოემოციური დარღვევის ერთ–ერთი სახეა, რომელიც შემდეგი სიმპტომებით გამოიხატება.:
- მოძრაობების დაქვეითება, მოძრაობის სურვილის არქონა. ასეთი ბავშვები მუდმივად ერთ პოზაში სხედან, ან წვანან. ფიზიკური მოქმედება არანაირ ინტერესს არ იწვევს მათში;
- გუნება-განწყობის და ხასიათის შეცვლა. ბავშვს არაფერი ახარებს, არაფერი აინტერესებს, ხდება გულგრილი ყველას და ყველაფრის მიმართ, უჩნდება სიცარიელის, დათრგუნულობის, სევდის, მოწყენილობის გრძნობა; უჩივის მუდმივ პრობლემებს როგორც წესი, კარგშიც კი უარყოფითს ხედავს;
- შენელებული აზროვნება შეიძლება ასევე დეპრესიაზე მიუთითებდეს. ასეთ დროს ბავშვს აქვს პრობლემები დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას; ხშირად პასუხობს მხოლოდ თავის ერთი დაქნევით, ან საუბრობს ჩუმად, წყნარად. შეიმჩნევა ერთ, უარყოფითი ელფერით შეფერადებულ აზრზე ჩაციკვლა: “მე ყველაფერი ცუდად მაქვს“, ან “მე არავის ვუყვარვარ“;
- აწუხებს უძილობა, სძინავს ცოტა. ერთ აზრზე ჩაციკვლა ჩაძინების პროცესს ხელს უშლის. ძილი შფოთიანი აქვს, ზედაპირული და საშუალებას არ აძლევს ორგანიზმს სრულყოფილად დაისვენოს;
- დეპრესიის დროს ქვეითდება ბავშვის სოციალური აქტივობა, იკარგება ინტერესი მეგობრებისადმი, თამაშისადმი, სწავლისა და ადრინდელი გატაცებებისადმი;
- საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, უსუსურობა, უიმედობა, შინაგანი დაძაბულობა, სასოწარკვეთა დეპრესიის მნიშვნელოვანი სიმპტომები შეიძლება იყოს;
- ძალიან ხშირად დეპრესია ვითარდება არამყარი და დაქვეითებული თვითშეფასების მქონე ბავშვებში. თავის მხრივ, დაბალი თვითშეფასების საფუძველს წარმოადგენს მიმღებლობის და ემოციური გაგების დეფიციტი ახლობელი ადამიანების მხრიდან.
რეკომენდაციები დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის დასახმარებლად:
- დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსვლას დაუხმარებლად ბავშვი ვერ შეძლებს. საჭირო იქნება, როგორც სპეციალისტების ჩარევა, ასევე მშობელთა მხრიდანაც გარკვეული დახმარების გაწევა – დაველაპარაკოთ ბავშვს, დავინტერესდეთ მისი ცხოვრებით, პრობლემებით; ყურადღება მივაქციოთ ხმის ინტონაციას, სამომავლო გეგმებს და ხვალინდელ დღესთან დაკავშირებულ შეხედულებებს;
- ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რამდენ დროს ატარებს ბავშვი უქმად. გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან სიზარმაცე და დეპრესია. ზარმაცი ბავშვი შეიძლება ძალიან ადვილად “მოვისყიდოთ“ საჩუქრებით და ვაიძულოთ, რამე გააკეთოს; დეპრესიაში მყოფ ბავშვს კი არაფერი ახარებს და არაფერი აინტერესებს, არც წახალისება და არც საჩუქრები;
- დეპრესიის მძიმე შემთხვევებში შესაძლოა, ბავშვს სერიოზული სამედიცინო ჩარევა და მედიკამენტოზური მკურნალობაც დასჭირდეს.
ამასთნ, გავითვალისწინოთ, რომ დეპრესიის არანაირი მკურნალობა არ იქნება ეფექტიანი იმ გარემოში პოზიტიური ცვლილებების გარეშე, სადაც ბავშვს უწევს ყოფნა; აუცილებელია ბავშვის მიმღებლობა გარშემომყოფთა მხრიდან, მისი მისწრაფებებისა და საჭიროებების გათვალისწინება, ასევე დახმარება თვითშეფასების დონის ამაღლებაში; გრძნობების გამოხატვის უნარის განვითარება; სირთულეებისა და პრობლემებისთვის თავის გართმევის სწავლება. პროფილაქტიკური მიზნით საჭიროა არ გადაიღალოს და ხშირად დაისვენოს. გავითვალისწინოთ, რომ დეპრესია არ ითვლება ავადმყოფობად, ის ფსიქოლოგიური დარღვევაა. მაგრამ, თუ დიდხანს გაგრძელდება და სისტემატურად განმეორდება, შეიძლება რიგი ფსიქო-სომატური დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ, საჭიროა დროულად ჩარევა და დახმარების აღმოჩენა.