დირექტორის მისალმება
მივესალმები ჩვენი სკოლის საზოგადოებას და “ევროპული სკოლით“ დაინტერესებულ ოჯახებს!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ევროპულ სკოლაში“, სადაც სრულყოფილებისკენ სწრაფვა არ არის მხოლოდ მიზანი, იგი ყოველდღიურობის ნაწილია; სადაც განათლება უბრალო მოგზაურობა როდია ცოდნის სამყაროში, არამედ გარდაქმნის მამოძრავებელი ძალაა.
წლების განმავლობაში ჩვენი სკოლა გახდა წარმატებისკენ სავალი გზა ასობით კურსდამთავრებულისთვის, რომელთაც განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს და მნიშვნელოვანი კარიერული ნაბიჯები გადადგეს საერთაშორისო ასპარეზზე. მათი წარმატების ისტორიები ჩვენი აკადემიური პროგრამების (ქართული პროგრამა, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამები და ამერიკული უმაღლესი სკოლა) სიძლიერის გამოძახილია. “ევროპული სკოლა“ ამაყობს, რომ ზრდის ცვლილებების მამოძრავებელ, ნამდვილ ლიდერთა ახალ თაობას, რომლიც უკვე ტოვებს მნიშვნელოვან კვალს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
2024–2025 სასწავლო წელი იყო მნიშვნელოვანი ეტაპი სრულყოფილებისკენ სწრაფვის უწყვეტ პროცესში. წლეულს “ევროპულმა სკოლამ“ მიიღო საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) რეაკრედიტაცია. ჩვენ ვრჩებით პირველ და ერთადერთ სკოლად საქართველოში, რომელსაც ეს უმნიშვნელოვანესი სტატუსი გააჩნია. CIS აკრედიტაცია ადასტურებს ხარისხის, გამჭვირვალობისა და ინოვაციების მიმართ ჩვენს ერთგულებას და უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამების, საგანმანათლებლო პროცესებისა და სკოლის ცხოვრების ყველა ასპექტის შესაბამისობას უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან. რეაკრედიტაციის პროცესი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს “ევროპული სკოლის“ მისიის რეალიზებას, უწყვეტი განვითარებისკენ სწრაფვასა და ახალი სიმაღლეებისკენ ინოვაციური გზებით სვლას.
გასულ სასწავლო წელს ჩვენმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ მოგვცეს სიამაყის განცდის საფუძველი მნიშვნელოვანი აკადემიური თუ პიროვნული მიღწევებითა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში წარმატებული ჩარიცხვებით. მათი წარმატებები არის ლოგიკური შედეგი ჩვენი მიზნისა, ვიყოთ გარდაქმნების ავანგარდში და შევქმნათ მომავლის განათლება. აკადემიური მიღწევების მიღმა, ჩვენი მოსწავლეები სრულყოფილად ითავისებენ, რას ნიშნავს იყო გლობალური მოქალაქე, კეთილგანწყობილი, ემპათიური და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ინდივიდი, რომელიც გამორჩეულია კეთილსინდისიერებითა და მიზანმიმართულობით. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები არა მხოლოდ მომზადებულნი არიან მსოფლიო რეალობისთვის, არამედ მზად არიან, შეცვალონ რეალობა უკეთესობისკენ.
“ევროპული სკოლის“ წარმატებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ ერთგულ და მზრუნველ მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლეებს განვითარებისკენ სწრაფვას შთააგონებენ ყოველდღიურად. ისინი არიან მამოტივირებელი მენტორები, რომლებსაც მტკიცედ სწამთ, რომ განათლებას ძალუძს ადამიანის ცხოვრების გარდაქმნა. უწყვეტი პროფესიული განვითარების მზაობის მქონე ჩვენი პედაგოგები მუდმივად ეძებენ ინოვაციურ მიდგომებს და აუმჯობესებენ სასწავლო პროცესს. მათ მიერ კრეატიულობითა და მზრუნველობით დაგეგმილი მაღალი სტანდარტის გაკვეთილები აღვიძებს ცნობისმოყვარეობას, ახლის შეცნობის სურვილს და ეხმარება თითოეულ მოსწავლეს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში.
ინოვაციების გზებით სვლა “ევროპული სკოლის“ საქმიანობის ქვაკუთხედია. ვამაყობთ, რომ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ლიდერი სკოლა ვართ. ჩვენს საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი, საგანმანათლებლო რობოტები, აუგმენტური და ვირტუალური რეალობის მოწყობილობები. მომავალზე ორიენტირებული მიდგომა ჩვენს მოსწავლეებს აძლევს არა მხოლოდ ცოდნასა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარს, არამედ თავად აქცევს მათ ინოვაციების შემქმნელებად. სკოლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოიცავს რამდენიმე შენობას, სადაც მოსწავლეები, ჰარმონიული და ასაკის შესაბამისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასაკის მიხედვით არიან განაწილებულნი. სკოლას აქვს STEAM ლაბორატორიები, ფაბლაბი, ხელოვნებისა და სატელევიზიო სტუდიები მოსწავლეთა შემოქმედებითი თუ კვლევითი საქმიანობის წასახალისებლად.
ვამაყობთ, რომ ვართ სწრაფად მზარდი სკოლა, რომელიც დღესდღეობით 1800-ზე მეტ მოსწავლეს ითვლის. ეს ზრდა ნდობისა და კმაყოფილების ნათელი დასტურია ოჯახების მხრიდან, რომლებიც აფასებენ ჩვენ მიერ მიწოდებულ მაღალხარისხიან, საერთაშორისო განათლებას.
მოუთმენლად ველით ახალი და არსებული მოსწავლეებისა და თანამშრომლების მოსვლას სკოლაში – ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას!
მე, როგორც “ევროპული სკოლის“ დირექტორს, სკოლის გუნდისა და მოსწავლეების მიმართ დიდი მოლოდინები მაქვს. მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ შესაძლებელს გავხდით, რომ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა იცხოვრონ შთაბეჭდილებებით მდიდარი, ბედნიერი, სრულყოფილი ცხოვრებით და თავიანთი წვლილი შეიტანონ სკოლის, ქვეყნისა და მსოფლიოს განვითარებაში.
“ევროპული სკოლა“ მომავალშიც დარჩება თავისი მისიის ერთგული: იყოს ტრანსფორმაციული განათლების შუქურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
მადლობას გიხდით თანამგზავრობისთვის, ვაფასებთ თქვენს პოზიტიურ ენერგიასა და წარმატებისკენ სწრაფვას!
ერთად ვაქციოთ ეს წელი განვითარებისა და მიღწევების წლად ჩვენი მოსწავლეებისთვის!
გისურვებთ წარმატებულ 2025–2026 სასწავლო წელს!
კეთილი სურვილებით,