კლასის მართვის სირთულეები ონლაინგაკვეთილზე
იმ კრიტერიუმებს შორის, რომლებიც პედაგოგის საქმიანობის ეფექტიანობას განსაზღვრავს, ორგანიზაციულ უნარ-ჩვევებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლოა, პედაგოგს ჰქონდეს ცოდნა, რომელიც სწავლების დროს სჭირდება, მოზარდთან ეფექტიან კომუნიკაციასაც ახერხებდეს, მაგრამ გაკვეთილზე კლასის მართვა უჭირდეს. ეს სწორედ საორგანიზაციო უნარების განვითარების აუცილებლობაზე მიუთითებს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ონლაინგაკვეთილზე სირთულე ერთიორად მეტია. მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, პრობლემებს ის პედაგოგებიც შეიძლება შეეჯახონ, რომლებსაც რეალურ საკლასო ოთახში არასოდეს გასჭირვებიათ კლასის მართვა.
ონლაინგაკვეთილზე კლასის მართვისთვის ხელის შემშლელი ძირითადი მიზეზებია:
- მრავალრიცხოვანი კლასი.ბავშვების სიმრავლე რეალურ საკლასო ოთახშიც უშლის ხელს პედაგოგს, მაგრამ თუ რეალურ გარემოში, ასე თუ ისე, ართმევს თავს სირთულეებს, მრავალრიცხოვან კლასში ონლაინგაკვეთილი ხშირად მარცხისთვისაა განწირული.
- მასწავლებლის მწირი ცოდნა ონლაინგაკვეთილის თავისებურებათა შესახებ და ასეთი გაკვეთილის ჩასატარებლად აუცილებელი უნარ–ჩვევების ნაკლებობა.ონლაინგაკვეთილების ჩატარების პარალელურად პედაგოგს უწევს სწავლების ამ ფორმის თავისებურებებში გარკვევა, საჭირო ინფორმაციის მოძიება და იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა, რომელიც ონლაინსწავლების ეფექტიანად წარსამართავადაა აუცილებელი. ასეთი დატვირთვით მუშაობა, ბუნებრივია, ემოციურად ღლის პედაგოგს, რაც ბავშვებთან მის ურთიერთობაზეც აისახება.
- მოზარდების მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების ფლობის მაღალი დონე.დღეს უკვე აღარავის უკვირს, რომ მოზარდები, ისინიც კი, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩევიან, უფრო ადვილად ითვისებენ კომპიუტერულ პროგრამებს, ვიდრე ჩვენ, ზრდასრული ადამიანები. ეს თავისთავად ცუდი არ არის; საქმე ის გახლავთ, რომ მოსწავლე ჩამოყალიბების პროცესში მყოფი პიროვნებაა, რომლის ქცევის პროგნოზირება ცალკეულ შემთხვევებში არც ისე ადვილია. სკოლაში მომუშავე პედაგოგებმა კარგად ვიცით, რომ ბავშვს შეუძლია ძალიან დიდი სიყვარულიც და შურისძიებაც უფროსების მიერ დაშვებული შეცდომების გამო. პედაგოგის ერთი მცადრი ნაბიჯი და მოზარდი შეიძლება დაუნდობელ შურისმაძიებლად იქცეს, და თუ რეალურ საკლასო ოთახში ვენდეტის აღსრულებაში მას ბევრი რამ უშლის ხელს, ონლაინგაკვეთილზე შესაძლოა უფრო მეტის უფლება მისცეს თავს. მაგალითად, პედაგოგება, რომლებსაც Microsoft Teams-ის პროგრამით უწევთ გაკვეთილების ჩატარება, კარგად იციან, რომ თუ ბავშვი მასწავლებელზე ადრე შევიდა ვირტუალურ საკლასო ოთახში, ადვილად შეძლებს, საკუთარ ხელში აიღოს კლასის მართვა – გამოურთოს მიკროფონი ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის – მასწავლებელსაც, კლასიდან “გააძევოს“ ნებისმიერი მოსწავლე და, ამგვარად, ქაოსი და არეულობა გამოიწვიოს გაკვეთილზე, ან არ გათიშოს მიკროფონი, როცა ამას სთხოვენ (მოიმიზეზოს ტექნიკური პრობლემა) და ხმაურით (მაგალითად, გაკვეთილის პარალელურად თამაშით) ხელი შეუშალოს პედაგოგს გაკვეთილის ჩატარებაში.
- კომპიუტერული ტექნიკის გაუმართაობა.ეს იმდენად სერიოზული მიზეზია, რომ მასწავლებელს შეიძლება საერთოდ ჩაეშალოს გაკვეთილი.
მასწავლებელი სირთულეებს მაშინაც შეიძლება შეეჯახოს, როცა საკუთარი კომპიუტერის ეკრანზე გამოტანილ ინფორმაციას, გამოსახულებას, ვიდეოს უზიარებს მოსწავლეებს – ამ დროს ის, როგორც წესი, ვერ ხედავს, რა ხდება “კლასში“, ვინ “შემოდის“ გაკვეთილზე, ვინ გადის “კლასიდან“, ვის ჩართული აქვს მიკროფონი, ვის – გამორთული და ა.შ. კონკრეტულ მომენტში ვირტუალურ საკლასო ოთახში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის დეფიციტიც სერიოზული სირთულეების წყაროა პედაგოგისთვის.
რა გავაკეთოთ სირთულეების თავიდან ასაცილებლად?
- უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებზე ადრე შევიდეთ ვირტუალურ საკლასო ოთახში. თუ რეალურ სასკოლო გარემოში ბავშვები გაკვეთილის დაწყებამდე საკლასო ოთახში გველოდებიან, ვირტუალურ საკლასო ოთახში, უმჯობესია, ჩვენ დაველოდოთ მათ.
- აუცილებლად აღვნუსხოთ, ვინ ესწრება გაკვეთილს. ჩავინიშნოთ, ვინ შემოდის დაგვიანებით ან გადის “კლასიდან“ გაკვეთილის დამთავრებამდე. ჩატარებული გაკვეთილის ანალიზის დროს ეს ინფორმაცია დაგვანახებს, როგორი იყო ცალკეული მოსწავლეების მოტივაცია და ჩართულობა, ეს კი მათთან მუშაობის ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავებაში დაგვეხმარება.
- გაკვეთილის დასაწყისშივე შევიმუშაოთ ქცევის წესები როგორც მოსწავლეებისთვის, ისე ჩვენთვისაც. კარგი იქნება, თუ ამაში მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას. თავისივე დადგენილი (და არა ჩვენ მიერ თავს მოხვეული) წესების დაცვა მათ უფრო გაუადვილდებათ. გულწრფელად ვუთხრათ, რატომ არის საჭირო წესების შემუშავება და დაცვა, რა გვიშლის ხელს გაკვეთილის კარგად ჩატარებაში და მათაც ვკითხოთ, რა უშლით ხელს, საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურად ჩაერთონ. წესების შემუშავებისას სწორედ ამ ხელის შემშლელ ფაქტორებსა და მათ დაძლევაზე გავამახვილოთ ყურადღება.
- ონლაინგაკვეთილის წესების შემუშავებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს მიკროფონის მოხმარებაზე. გაკვეთილის დასაწყისშივე ვთხოვოთ ბავშვებს, გათიშონ მიკროფონები და ჩართვის ნება დავრთოთ მხოლოდ იმ ბავშვს, რომელსაც მასწავლებელი შეკითხვით მიმართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კითხვაზე: “აბა, ბავშვებო, ვინ მიპასუხებს?“ – შესაძლოა, ყველას თუ არა, უმრავლესობას მაინც მოუნდეს თავის გამოჩენა და პასუხის გაცემა (განსაკუთრებით – სწავლების პირველ და მეორე საფეხურებზე), ყველამ ერთდროულად ჩართოს მიკროფონი და ალაპარაკდეს, რასაც ქაოსი და არეულობა მოჰყვება. ამის თავიდან ასაცილებლად აჯობებს, პედაგოგმა თავად განსაზღვროს, ვინ უპასუხებს და პირადად მას მიმართოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პედაგოგი საკუთარი კომპიუტერის ეკრანზე გამოტანილ მასალას უზიარებს მოსწავლეებს – ამ დროს ის ვერ ხედავს, რომელი ბავშვი გამოხატავს (მიკროფონის ჩართვით) დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის სურვილს, მხოლოდ ხმით კი ყოველთვის არ არის ადვილი ამოსაცნობი, ვინ ლაპარაკობს.
რასაკვირველია, ონლაინგაკვეთილზე მოსწავლისა და მასწავლებლის ასეთი ურთიერთობა იდეალისგან შორს დგას. შესაძლოა, ის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდეს პედაგოგისთვის, რომელსაც არ სურს, პასუხის გაცემა სთხოვოს ბავშვს, რომელიც მოუმზადებელია მოსული გაკვეთილზე ან პასუხი არ იცის და შეარცხვინოს. რეალურ სასკოლო გარემოში ასეთი მასწავლებელი კითხვის დასმის შემდეგ კლასს რომ გადახედავს, ბავშვების გამომეტყველებით, ჟესტებით, პოზით ხვდება, ვის შეუძლია პასუხის გაცემა და თავს არიდებს საპასუხოდ ისეთი ბავშვის გამოძახებას, რომელიც თვალებით ეხვეწება, მას არ ჰკითხოს. ცხადია, ასეთი პედაგოგისთვის ადვილი არ იქნება ონლაინგაკვეთილზე ზემოაღნიშნული წესის დაცვა, მაგრამ ჯგუფის სამართავად და ქაოსის თავიდან ასაცილებლად აჯობებს, თავად გააკეთოს არჩევანი და ყველას ერთად ლაპარაკის საშუალება არ მისცეს. ბავშვებიც მეტად იქნებიან მობილიზებულები, როდესაც ეცოდინებათ, რომ მასწავლებელმა შეიძლება ნებისმიერ დროს დაუსვას კითხვა. თუ მოსწავლემ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ მოახერხა, შეიძლება ავუხსნათ, რომ შეცდომა ტრაგედია არ არის, სწავლა შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ მონდომების შემთხვევაში ყოველგვარი დაბრკოლება შეიძლება გადავლახოთ.
- დაწყებით კლასებში ონლაინგაკვეთილზე მოსწავლეთა ქცევის სამართავად მასწავლებელს აუცილებლად დასჭირდება მშობლების დახმარება. კარგი იქნება, თუ მშობლები იზრუნებენ იმაზე, რომ კომპიუტერული ტექნიკა ყოველთვის გამართული იყოს, თვალყურს ადევნებენ, რომ გაკვეთილზე ბავშვის ყურადღება გარეშე საგნებმა და მოვლენებმა არ მიიტაცოს და ა.შ. ამასთან, სასურველია, მშობელმა მიაჩვიოს ბავშვი, გაკვეთილისთვის მომზადებისას თავად აწესრიგებდეს სამუშაო მაგიდას.
- საინფორმაციო ტექნოლოგიებში კარგად გარკვეული და საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მოზარდები კი, სანამ გაკვეთილზე ცუღლუტობის სურვილი გაუჩნდებათ, შეიძლება აქტიურად დავასაქმოთ და ჩვენი ასისტენტების ფუნქციაც კი დავაკისროთ, მით უმეტეს, რომ ონლაინგაკვეთილებზე ამის საჭიროება ნამდვილად იჩენს თავს.
- მრავალრიცხოვან კლასებში ჯგუფის მართვის სირთულეთა თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება ჯგუფების გაყოფა და ონლაინგაკვეთილების ცალ-ცალკე ჩატარება, მით უმეტეს, რომ ეს გაკვეთილები 45-წუთიანი ნამდვილად ვერ იქნება.
ასე რომ, ონლაინგაკვეთილის ჩატარებისას კლასის მართვა და ცალკეული სირთულეების თავიდან აცილება ნამდვილად შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, არ იქნება გამართლებული, თუ ონლაინგაკვეთილზე პედაგოგის საორგანიზაციო უნარ-ჩვევები იმავე კრიტერიუმებით შეფასდება, რომლებიც გამოიყენება რეალურ საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილის ანალიზის დროს.