კურსდამთავრებულთა ასოციაცია

“ევროპული სკოლის” კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის 11-წლიანმა გამოცდილებამ დაადასტურა “ევროპული სკოლის” ერთ-ერთი პრიორიტეტის მართებულობა – “ევროპული სკოლელობა” სტატუსია არა მხოლოდ “ევროპულ სკოლაში” მოსწავლეობის წლებში, არამედ მისი დამთავრების შემდგომაც. კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც წარმატებით ირიცხებიან და ასევე წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში “ევროპული სკოლელობა” გამაერთიანებელი ნიშაა, რომლითაც ამაყობენ, რომელსაც აფასებენ და ერთმანეთთან ურთიერთობით ამყარებენ.

ამის დასტურია “ევროპული სკოლის” “კურსდამთავრებულთა ასოციაცია“, რომელიც 8 წლის წინ დაფუძნდა. ასოციაცია ხელს უწყობს “ევროპულ სკოლასა” და  “ევროპულ სკოლელებს” შორის უწყვეტი კავშირის ორგანიზებას და სკოლის სიძლიერეს და,  რაც მთავარია, თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს გამოწვევების შესაბამისი პრიორიტეტების წამოწევას.

 

კურსდამთავრებულთა ასოციაციის თავმჯდომარე
ალექსანდრე გადელია

მოგესალმებით,

მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი, ვიყო ევროპული სკოლის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე და გავაგრძელო ჩემი წინამორბედების საქმიანობა. ჩემთვის ევროპული სკოლა იყო და იქნება ის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის წლებიდან ვეზიარე უდიდეს სითბოს, სიყვარულს, მივიღე გამოცდილება, შევიძინე ცოდნა და ვიპოვე ჩემი თავი. დარწმუნებული ვარ, სკოლა ასეთივე ძვირფასია თითოეული ევროპული სკოლელისთვის და სწორედ ჩვენი ერთიანობით, საერთო ინტერესებითა და ძალისხმევით შესაძლოა განვახორციელოთ უამრავი ახალი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი შემდგომი თაობების წინსვლასა და წარმატებას. თითოეული ჩვენგანის პირადი გამოცდილება, პროფესიული თუ კარიერული წინსვლა, აკადემიური ცოდნა და ამ ყველაფრის გაზიარება იქნება მნიშვნელოვანი ფურცელი ევროპული სკოლის ისტორიაში.

სკოლის დაარსებიდან 15 წელზე მეტი გავიდა. ამ დღიდან ბევრმა ევროპულმა სკოლელმა მიაღწია წარმატებას სხვადასხვა ქვეყანაში, ინსტიტუციაში, სწორედ ამიტომ, პირველ რიგში,  აუცილებელია ჩვენი გუნდის კიდევ უფრო გაძლიერება და გააქტიურება. ვფიქრობ, საჭიროა, სისტემატური ხასიათი მიეცეს კურსდამთავრებულთა შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში, პერიოდულად მოხდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა, საინტერესო იდეების გაზიარება და ერთმანეთთან ხშირი კომუნიკაცია.

საინტერესოო იდეების გაჩენის შემთხვევაში ან რაიმე აქტივობოს დაგეგმის სურვილით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მეილზე:

alexandre.gadelia@europeanschool.ge

სკოლის ინფრასტრუქტურის დაჯავშნა

  • MM slash DD slash YYYY
  • :
  • :

ნიკოლოზ გაგნიძე, ბრაუნის უნივერსიტეტი, აშშ, 2024

დიდია გამოცდილება, რომელიც ევროპულ სკოლაში მივიღე, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ აბსტრაქტულიც და სიტყვებით მისი გადმოცემა მის ნამდვილ ღირებულებას გააფერმკრთალებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ სკოლაში მხოლოდ ბოლო ორი წელი ვსწავლობდი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ სკოლამ ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა და საშუალება მომცა, ზუსტად ისე დამემთავრებინა საშუალო განათლების ეტაპი, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. ფასდაუდებელია თანადგომა, რომელიც ევროპულ სკოლაში ვიგრძენი. ჩემმა კლასელებმა, მასწავლებლების ინდივიდუალურმა მიდგომამ და საუნივერსიტეტო საკითხებში მრჩეველების თავდაუზოგავმა მხარდაჭერამ უდიდესი როლი ითამაშა როგორც ჩემს აკადემიურ, ასევე პიროვნულ ზრდაში. ყველაზე მეტად რასაც ევროპულ სკოლაში ვაფასებ არის ის, რომ სკოლა საგაკვეთილო სივრცის გარეთაც კი მუდმივად გვთავაზობს განვითარების შესაძლებლობებს. ამ ყველაფერმა ევროპული სკოლა ჩემს მეორე სახლად აქცია გადმოსვლიდან რამდენიმე თვეში. სწორედ, სკოლის ასეთი თბილი და მზრუნველი გარემო დამეხმარა, რომ სწავლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნიერსიტეტში გამეგრძელებინა. ევროპული სკოლის მადლიერი ვიქნები ყოველთვის იმ პოზიტიური გავლენისთვის, მოგონებებისთვის და ურთიერთობებისთვის, რაც აქ შევიძინე.

მარიამ ქემერტელიძე, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (UCL), 2024

ევროპულ სკოლაში გადმოსვლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, ამ სკოლაში შეძენილი გამოცდილება კი ფასდაუდებელი როგორც აკადემიური კუთხით განვითარებისთვის, ისე ჩემი პიროვნული ზრდისთვის. სკოლაში გატარებულ წლებში გამუდმებით ვგრძნობდი თითოეული მასწავლებლის და თანამშრომლის მხარდაჭერას. კრიტიკული აზროვნებისა თუ სხვა მნიშვნელოვან უნარებს საუნივერსიტეტო საკითხების მრჩეველებისა და მასწავლებლის დახმარების გარეშე ვერ განვივითარებდი სათანადოდ. ახლა როცა ევროპულ სკოლაში გატარებულ წლებს ვიხსენებ, მახსენდება მხოლოდ თბილი და ნათელი მომენტები, რამაც რეალურად გამიკვალა გზა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისკენ.

ელენე გელაძე, ეგზეტერის უნივერსიტეტი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო, 2023

რა მომცა "ევროპულმა სკოლამ"? ამ თემაზე, გულწრფელად რომ გითხრათ, წიგნის დაწერასაც კი შევძლებდი, მაგრამ შევიზღუდავ თავს და ვიტყვი, რომ "ევროპული სკოლა" გადმოსვლისთანავე მეორე სახლად მივიჩნიე. სკოლის დამთავრებისას მასწავლებლებმა გვითხრეს, რომ არასდროს დაზარებიათ ჩვენთან გაკვეთილის ჩატარება. ვფიქრობ, ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ "ევროპულ სკოლაში" მასწავლებლების სახით გვყავდა მეგობრები. ზუსტად ამიტომ, არც მე მახსენდება დღე, როდესაც სკოლაში მისვლა, კლასელებისა და მასწავლებლების ნახვა არ მიხაროდა. ამბობენ, სანამ ცხოვრების ერთი ეტაპი არ დამთავრდება, მანამდე მის ფასს ვერავინ იგებსო. მგონი, ბოლო ზარზე ზუსტად ეს ვიგრძენით თანაკლასელებმა. მხოლოდ მაშინ მივხვდით, როგორ გვწყინდა ცხოვრების შემდეგი თავის დაწყება და სკოლის მოგონებების ფურცლების გადაშლა, როდესაც თეთრი მოხატული მაისურებით კლასში ვიჯექით და აცრემლებული თვალებით მასწავლებლებს ბოლოჯერ ვუსმენდით. რთულია, ყველა ეს მოგონება უკან დატოვო და უნივერსიტეტში თავდაჯერებულად შეადგა პირველი ნაბიჯი, გულს ჯერ კიდევ ის ბავშვური დღეები ენატრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სკოლაში ბევრჯერ დავბრუნდებით, დაბრუნებისას კი ისევ ისეთი ლაღი ემოციებით შეგვხვდებიან. პატარა ასაკიდან ვიცოდი და მქონდა დასახული, რომ ინგლისის უნივერსიტეტში მინდოდა სწავლა. სკოლაში თითქოს ყველა ერთად ამ მიზნის მისაღწევად ვმუშაობდით. მასწავლებლების გულშემატკივრობა, ყველა დამატებითი გაკვეთილი თუ მხარდაჭერის შეგრძნება მოტივაციას მაძლევდა, რომ დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელი გამხდარიყო. ჩავირიცხე ინგლისში, Exeter-ის უნივერსიტეტში და ვისწავლი ბიზნესის ეკონომიკას. როცა მეკითხებიან: მარტო უცხო ქვეყანაში სწავლის არ გეშინიაო, თავდაჯერებული ვპასუხობ „არას“ და ვფიქრობ, რომ ეს "ევროპული სკოლის" დამსახურებაა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს სკოლა დამეხმარა განმევითარებინა ყველა საჭირო უნარი იმისთვის, რომ, ნებისმიერ რთულ გამოწვევას ამბიციითა და ინტერესით შევხვდე.

მარიამ სააკაშვილი, ვრიჟეს უნივერსიტეტი, ბელგია, 2023

ერთხელ მაინც ცხოვრებაში ყველას გვიფიქრია, როგორ მივაღწიოთ წარმატებას, როგორ გავხდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, დავფიქრებულვართ, საერთოდ რა არის ჩვენი მიზანი ცხოვრებაში. მეც ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ამ საკითხებზე და ბედნიერი ვარ, რომ პასუხი ,,ევროპულ სკოლაში’’ აღმოვაჩინე. ბავშვის აღზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორედ სკოლას უკავია. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ვყალიბდებით პიროვნებებად. ,,ევროპული სკოლის’’ პროფესიონალური გუნდის დიდი დამსახურებით დავძლიე ყველა სირთულე და მზად ვარ, დავიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი შეუშინებლად, როგორც დამოუკიდებელმა ადამიანმა. გარემო, რომელიც სავსეა სიყვარულით, ურთიერთგაგებითა და მეგობრობით, საშუალებას გვაძლევს ჩამოვყალიბდეთ უკეთეს პიროვნებებად. სკოლის დახმარებით ვისწავლე, როგორ გავიუმჯობესო უნარები საკუთარი შეცდომების გათვალისწინებით. აკადემიური სწავლების გარდა ,,ევროპულ სკოლაში’’ მრავალფეროვანი კლასგარეშე აქტივობებია, რომლებიც დამეხმარა გამეგო, თუ რისი კეთება მინდოდა მომავალში. დღეს ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება სწავლა საზღვარგარეთ გავაგრძელო და მივაღწიო საოცნებო მიზნებს. მადლობა სკოლას და მის გუნდს გზის გაკვალვაში მსოფლიოს მაშტაბით. ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია: ,,ევროპული სკოლა’’ მოსწავლის პირველი ნაბიჯია წარმატებისკენ.

ნიკი ბეჟუაშვილი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, აშშ, 2022

რა მომცა "ევროპულმა სკოლამ"? თითქოს ძალიან მარტივი კითხვაა, მაგრამ რეალურად ბევრის ჩამტევია. მე ამ სკოლაში 12 წელი გავატარე, ამ ხნის მანძილზე სკოლამ მასწავლა დროის სწორად განაწილება, რომ არ დამეკარგა ფუჭად ის მთავარი, რაც აუცილებელი იყო ჩემი განვითარებისათვის. ასევე მასწავლა, როგორ უნდა გამოვიმუშაო ნებისყოფა, რომ აუცილებლობა სურვილზე მაღლა დავაყენო და ამით შევძლო მიზნის მიღწევა. "ევროპულმა სკოლამ" შემძინა უნარები, რომელიც ძალიან დამეხმარა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტი გავმხდარიყავი. ეს ყველაფერი კი ყველამ ერთად შევძელით: მასწავლებლებმა, მეგობრებმა, განსაკუთრებულმა გარემომ, სითბომ, რომელიც ყოველთვის იგრძნობოდა ჩვენს სკოლაში. საგნების სწავლება დატვირთული იყო დისკუსიებით, დებატებით, პროექტებით. ყველაფერი ეს გვასწავლიდა გუნდურ მუშაობას, კვლევას, გვეხმარებოდა ანალიზის უნარის დახვეწაში. "ევროპულ სკოლაში" ცოდნის დაუფლება არის საუკეთესო გზა მიზნის მისაღწევად, და მე ამაში რეალურად დავრწმუნდი.

მარიამ ნატროშვილი, პენსილვანიის უნივერსიტეტი, აშშ, 2022

სკოლის წლები ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სკოლაში ბავშვი დიდ მეტამორფოზას განიცდის. იგი პასუხისმგებელიან, კომპეტენტურ და ინტელექტუალურ პიროვნებად გარდაიქმნება. ამ ტრანსფორმაციას წლები სჭირდება. მიუხედავად დროის ხანგრძლივობისა, წლები ძალიან სწრაფად გადის, ისე სწრაფად, რომ ყოველი წელი წამს უტოლდება. სკოლის გამოცდილების ყოველი წამი ავითარებს მოსწავლის პიროვნულ თვისებებს და უბიძგებს მას უკეთესობისკენ. მე დიდად გამიმართლა, რომ "ევროპული სკოლა" ჩემი სასკოლო გამოცდილების ნაწილი არის. "ევროპულმა სკოლამ" გზა გამიკაფა წარმატებისკენ. სასწავლო პროცესი მოიცავდა აქტივობებს, რომელიც ჩემი კრიტიკული აზროვნების წყარო გახდა, შემოქმედებით სავარჯიშოებს, რომელმაც ჩემი შეხედულება ცხოვრებაზე გაამრავალფეროვნა, მასალა ასევე მოიცავდა გუნდურ სავარჯიშოებს, რომელმაც ძლიერ განავითარა ჩემი თანამშრომლობის უნარი და გარდამქმნა უკეთეს ლიდერად. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ სკოლამ შემიქმნა თბილი და სიყვარულით სავსე ატმოსფერო, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს წინსვლაში. რამდენიმე თვის წინ ვნერვიულობდი ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯზე - საუნივერსიტეტო განათლების დაწყებაზე. "ევროპული სკოლისა" და მისი საზოგადოების წევრების წყალობით მე მივიღე შესაძლებლობა, რომ სწავლა გავაგრძელო ამერიკის ერთ-ერთ წამყვან, აივი ლიგის უნივერსიტეტში - პენსილვანიის უნივერსიტეტში. ჩემი ცხოვრების სამომავლო ეტაპზე თან გამყვება სკოლაში გატარებული წამები და დაგროვილი გამოცდილება. მიხარია, რომ ვარ ამ მშვენიერი სკოლის ნაწილი, რადგან მან მომცა მყარი საფუძველი სამყაროს უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად!

ნუგო შოშიაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022

"ევროპული სკოლა" - ადგილი, სადაც გავატარე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდი-ბავშვობა. ეს ლამაზი 14 წლიანი თავგადასავლი ჩემთვის "ევროპული ბაღის" კარის შეღებით დაიწყო და "ევროპული სკოლის" ულამაზესი გამოსაშვები საღამოთი დამთავრდა. ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა, დამეკმაყოფილებინა ბავშვური ცნობისმოყვარეობა და შეძლებისდაგვარად ყოველთვის მქონდა პასუხი კითხვაზე - რატომ?სკოლის დამთავრების შემდეგ უკეთესად გავიაზრე, რომ სკოლამ მომცა უსაზღვრო შესაძლებლობები. ჩვენ , ბავშვებს, სკოლაში შეგვეძლო საკუთარი თავის აღმოჩენა. მასწავლებლები ყოველთვის ცდილობდნენ, მაქსიმალურად საინტერესო და ინფორმატიული ყოფილიყო გაკვეთილიები, მუდმივად ჩართულები ვყოფილიყავით საგაკვეთილო პროცესში. სწორედ ამ პერიოდში გამოვიმუშავეთ ის თვისებები, რომლებიც მომავალ კოსმოპოლიტს სჭირდება. სკოლის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები გვაძლევდა შესაძლებლობას, მიგვეღო მაქსიმალურად პრაქტიკული საბაზისო ცოდნა. "ევროპული სკოლის" სახელი არაერთხელ გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. პირადად მე წარმატებით ჩავირიცხე ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში. ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ქართული პროგრამაც კი გვაძლევს საშუალებას შევაღოთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთა კარები. ასევე სახელმწიფო დაფინანსებით გავხდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტი. გარდა იმისა, რომ ამ სკოლამ ბავშვობის ბედნიერი წლები კიდევ უფრო გამილამაზა, ასევე მასწავლა, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაღვროა და ჩვენ შეგვიძლია ამაყად ვიაროთ ქართულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გზაზე მსოფლიოსკენ!

მიხეილ გედეხაური, ტიუბინგენის უნივერსიტეტი, გერმანია, 2022

"ევროპულ სკოლაში" გატარებული ოთხი წელი იყო უდიდესი აკადემიური გამოცდილების მიღების წლები. ამ სკოლაში სწავლა გიფართოებს თვალსაწიერს და გააზრებინებს, რომ დაუღალავი შრომით ყველაფერი შესაძლებელია. ვიტყოდი, რომ აქ სწავლამ პიროვნულადაც კი შემცვალა, გავხდი ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანი და მიზანდასახული. საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამამ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებისაკენ გამიხსნა გზა და თანამედროვე მსოფლიოში წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარ-ჩვევები გამომიმუშავა. ჩემი აზრით, "ევროპული სკოლის" უმთავრეს სიძლიერეს წარმოადგენს ის მეგობრულობა, რომელიც სკოლაში სუფევს. იმის შეგრძნება, რომ ყველა მასწავლებელი თუ კლასელი გულრწფელად გგულშემატკივრობს კიდევ უფრო პროდუქტიულსა და მოტივირებულს გხდის. გერმანიაში, ტიუბინგენის უნივერსიტეტში სწავლა ჩემი ოცნება იყო და მუდამ მადლიერი დავრჩები "ევროპული სკოლის", რომ ამ ოცნების ახდენაში დამეხმარა.

რაჰა რიხტეჰგარან ესფაჰანი, ნიუ-ბრანსვიკის უნივერსიტეტი, კანადა, 2021

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სამი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ევროპულ სკოლაში, ამ დროის განმავლობაში მიღებულმა ცოდნამ და უნარ-ჩვევებმა უაღრესად შეუწყო ხელი ჩემი პიროვნების ფორმირებას. მე ვისწავლე, რომ შეუძლებელია წარმატების მიღწევა სირთულებიის დაძლევის გარეშე. საერთაშორისო ბაკალავრიატის, სადიპლომო პროგრამამ შეცვალა ჩემი მიდგომები სწავლისადმი, გამომიმუშავა საჭირო და პრაქტიკული უნარ-ჩვევები რომლებიც აუცილებელია წარმატებული საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის. ევროპულ სკოლა, ეს არ არის მხოლოდ წარმატებული და გამართული აკადემიური დაწესებულება. შეუძლებელია არ აღინიშნოს შეუდარებელი მასწავლებლები, ისინი არა მხოლოდ ცოდნას გადასცემენ მოსწავლეებს, მათი მეგობრობა, ყოველთვის მარტივად შესამჩნევია. ჩემმა უნივერსიტეტმა, (ნიუ-ბრანსვიკის უნივერსიტეტი, კანადა) მომცა სრული საკრედიტო სემესტრი და მე მჯერა რომ სწორედ სკოლამ შეასრულა დიდი როლი ამ წარმატების მოპოვებაში.

სოფო ოქრიაშვილი, პრაღის უმაღლესი ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი, ჩეხეთი, 2021

"ევროპული სკოლა“ 2021 წელს დავამთავრე, მაგრამ ჩემი ისტორია დაიწყო 2009 წელს, როდესაც პირველკლასელმა მოწაფემ შევაღე სკოლის კარი. ჩემმა ბავშვობამ "ევროპულ სკოლაში“ გაიარა და უამრავი მოგონება მაკავშირებს მასთან. ჩემმა სკოლამ ბევრი რამ მომცა: ცოდნა, სწავლის უნარები, შესაძლებლობები. ამ კედლებში რეალური ცხოვრებისეული გამოცდილებაც მივიღე, როგორიცაა დროებითი წარუმატებლობის, მარცხისა და იმედგაცრუების გადალახვა. ამ ყველაფერმა საკუთარი თავის რწმენა შემძინა. მე დავემშვიდობე "ევროპულ სკოლას“ და დიდი გეგმებითა და ოცნებებით შევაბიჯე დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე: წარჩინებით დავამთავრე "ევროპული სკოლა“ და წარმატებით ჩავაბარე პრაღის უმაღლესი ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში, წინ ასევე საინტერესო კარიერა მაქვს. "ევროპული სკოლის“ მომავალ და ამჟამინდელ მოსწავლეებს მინდა ვუთხრა: ამბიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი რჩევაა, ნაკლებად იფიქროთ თქვენს მიზნებზე და მეტი - იმ ყოველდღიურ გამოცდილებასა და გზაზე, რომელსაც გაივლით მიზნისკენ სწრაფვისას.

მარიამ ახალაია, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო, 2021

“ევროპულმა სკოლამ” მომცა თავისუფალი აზროვნების საშუალება. მან შემიქმნა უამრავი შესაძლებლობა და მაჩვენა საკუთარი თავის განვითარების გზები. ჩვენ ყოველთვის გვაკავშირებდნენ სხვადახსვა ორგანიზაციასთან, როგორიცაა კანტის აკადემია, ვისკი ჯორჯია, Tedx და ა. შ. კანტის აკადემია დამეხმარა კომუნიკაციის, ლოგიკის, კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, ვისკი ჯორჯიამ შემაყვარა ბანაკებში წასვლა, ლიდერობა, ბუნება. ეს ყველაფერი კი შესაძლებელი გახდა "ევროპული სკოლის“ დამსახურებით. მნიშვნელოვანია, აღვნიშნო ის ადამიანები, რომლებთანაც სკოლამ დამაკავშირა - მრავალი პროფესიონალი, რომელმაც გამაცნო საინტერესო სფეროები. სწორედ სკოლის მიერ მოწვეული მასწავლებლის დახმარებით აღმოვაჩინე ქართული სტარტაპების ინდუსტრია, სადაც გავიცანი მრავალი არაჩვეულებრივი პიროვნება და ვისწავლე ამ სფეროს შესახებ. მიხარია, რომ ჩემი სკოლის დახმარებით შევძელი უფრო მეტის შეგრძნება, მეტის ნახვა, მეტის სწავლა.

ირაკლი ბეჟუაშვილი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, აშშ, 2020

მე "ევროპულ სკოლაში" გავატერე წლები ბაღის ასაკიდან დამამთავრებელი კლასის ჩათვლით და ბუნებრივია, ჩემთვის ძვირფასია მოგონებები, რომლებიც მეგობრებთან, მასწავლებლებთან და სკოლის თანმშრომლებთან მაკავშირებს. საკუთარი თავის, გონების შეცნობისა და ქცევის ჩამოყალიბების გზაზე "ევროპულმა სკოლამ" მომცა შესაძლებლობა, მემოგზაურა დანტეს, ვერგილიუსის სამყაროში, წარმოსახვით ჩავრთულიყავი ჰამლეტის ჩახლართულ ინტრიგებში, საბოლოო ჯამში კი, შემიქმნა მყარი საფუძველი სამომავლო განათლებისა და კარიერული წინსვლისათვის. დიდი პრივილეგიაა, ისწავლო გარემოში, სადაც ცოდნის ძიებისა და გაღრმავების სურვილით ენთები. "ევროპულმა სკოლამ" ის უნარები შემძინა, რომელიც საუნივერსიტეტო განათლებაში მნიშვნელოვნად დამეხმარება. ვიმედოვნებ, აქ გამომუშავებული გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის, კვლევისა და ანალიზის უნარები წარმატების საწინდარი იქნება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. ჩვენი სკოლის საუნივერსიტეტო განათლების ოფისში მიღებული რჩევები და რესურსები დამეხმარა, ჩარიცხვაზე დადებითი პასუხი მიმეღო მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის ოთხი "აივი ლიგის" უნივერსიტეტიდან( კოლუმბია, კორნელი, იუპენი, ბრაუნი), კალიფორნიიის ბერკლის უნივერსიტეტიდან და სხვ. ჩემი მთავარი სათქმელი შემდეგია: ზოგჯერ სკოლა ძალიან რთული გვეჩვენება, მაგრამ თუ ამ სირთულეების მორევში ცოდნის წყურვილით გადავეშვებით , სწავლის პროცესი, გაკვეთილები ბევრად სასიამოვნო გახდება, ჩვენი თავდადება კი კმაყოფილებას მოგვგვრის. შესაბამისად, ბევრად მეტს გავიგებთ, ვიდრე ბანალური სასიყვარულო ისტორია, მათემატიკური ფორმულა თუ ფსიქოლოგიის კონცეფციაა.

სალომე ჯოხაძე, კავკასიის უნივერსიტეტი 2017

სკოლამ მასწავლა, რომ ახალ და რთულ გამოწვევებს ინტერესით უნდა შევხვდე და არაფრის მეშინოდეს. სადაც არ უნდა წავიდე, აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მუდამ თან გამყვება. ვგრძნობ, რომ ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ და შემიძლია თამამად შევხვდე სირთულეებს. სკოლამ უამრავი დიდი თუ პატარა მეგობარი მაჩუქა, რომლებიც სწავლის პროცესს მიმარტივებდნენ და მიფერადებდნენ. ცხოვრების ყოველ ეტაპზე მე სიამაყით ვიტყვი, რომ ევროპული სკოლის მოსწავლე ვიყავი!

სოფო ნონიკაშვილი, Lehigh University 2019

"ევროპულ სკოლაში" მივხვდი, რომ წარმატების მიღწევას შრომა სჭირდება. სკოლა დამეხმარა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და მომავალი კარიერის სწორად დაგეგმვაში. ჩემმა აკადემიურმა და კლასგარეშე მიღწევებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში მოხვედრასა და დაფინანსების მოპოვებაში.

ნათია კოზმანაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტი 2017

ევროპული სკოლა ჩემი მეორე სახლი გახდა. აქ მე ვისწავლე ურთიერთობა მასწავლებლებთან, რამაც შესაძლებლობა მომცა, მათგან ბევრი რამ გამეგო. ვისწავლე კარგისა და ცუდის გარჩევა, მსჯელობა, ჯგუფში მუშაობა, რაიმეს ანალიზი, გამომიმუშავდა პრობლემის მარტივად გადაჭრის უნარი. აქაური კარგი გარემო იმდენად გადამდებია, რომ საბოლოოდ ადამიანი ისეთივე პროფესიონალი ხდება, როგორიც აქ მომუშავე პერსონალია. ევროპული სკოლა გვაძლევს შანსს, მაქსიმალურად გამოვავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები, მე კი სწორედ ეს დამეხმარა, გავმხდარიყავი თავდაჯერებული, რაც წარმატებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია