კურსდამთავრებულის რჩევები სკოლის მოსწავლეებს

”ევროპული სკოლის” საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები 22 იანვარს სკოლის ბიბლიოთეკაში დაესწრნენ შეხვედრას, რომელზეც მოწვეული იყო კურსდამთავრებულთა ასოციაციის თავმჯდომარე ნანუკა გოგუაძე. მოსწავლეებმა შეკითხვები დაუსვეს სტუმარს და საინტერესო რჩევებიც მიიღეს სამომავლო კარიერის შესახებ. ქართული პროგრამის კოორდინატორ ინგა თოლორაიას პროექტი-წარმატებულ კურსდამთავრებულებთან შეხვედრა მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეთა დაკავშირებას სხვადასხვა დარგში წარმატებულ კურსდამთავრებულებთან, რომლებიც მზად არიან, ურჩიონ მოსწავლეებს, როგორ გაართვან თავი სირთულეებს და ნაყოფიერად გაატარონ სკოლის თუ შემდგომი წლები. ნანუკა გოგუაძე ისევე, როგორც სხვა კურსდამთავრებულები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და მუშაობენ, არის სკოლის ერთგვარი ელჩი, რომელიც გამოთქვამს მზაობას ჩაერთოს და წვლილი შეიტანოს სკოლის ცხოვრებაში. იგი წელს ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნეს სკოლის საბაკალავრო პროგრამებს ამთავრებს ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულებებით, ასევე მეორად სპეციალობას ეუფლება ფსიქოლოგიის განხრით. ნანუკა ზაფხულში ფორბსის სტიპენდიანტი გახდა, რამდენიმე თვის წინ კი, პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით, მუშაობა დაიწყო გაეროს ეკონომიკისა და ფინანსების კომიტეტში. კურსდამთავრებულთა ასოციაციის თავმჯდომარემ გაიხსენა სასიამოვნო მომენტები სკოლის ცხოვრებიდან, ყურადღება გაამახვილა ისეთ სასკოლო გამოცდილებებზე, რომლებიც განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა უნივერსიტეტის წლებში თუ სამსახურეობრივი საქმიანობისას, მან ასევე სამომავლო გეგმები გაანდო მოსწავლეებს და საინტერესო რჩევებიც მისცა მათ. დამსწრეებმა სტუმარს მრავალი შეკითხვა დაუსვეს და დიდი ინტერესიც გამოხატეს რესპოდენტის მონათხრობის მიმართ. ასეთი ტიპის შეხვედრები უსათუოდ გადაიქცევა მარცვლად, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციას მნიშვნელოვნად გააღვივებს.

Share on: