მარიამ ნატროშვილი - ევროპული სკოლიდან პენსილვანიის უნივერსიტეტამდე
ყოველთვის მინდოდა სწავლის გაგრძელება ისეთ უნივერსიტეტში, სადაც საუკეთესო განათლებას მივიღებდი ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით. უზომოდ გახარებული ვარ აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში ჩარიცხვითა და აკადემიური წარჩინებისთვის სოლიდური დაფინასების მიღებით (Bentley University – $56,500, Fordham University – $12,500, Hofstra University – $27,000, University of Rochester – $10,000). სწავლას გავაგრძელებ ჩემს საოცნებო უნივერსიტეტში – the Wharton School of the University of Pennsylvania.
ვფიქრობ, ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ საფუძვლიანად მომამზადა Ivy League -ის უნივერსიტეტისთვის. AHS-ში არჩეულმა საგნებმა მომცა შესაძლებლობა, საფუძვლიანად გამომეკვლია ჩემი ინტერესები და გადაწყვეტილება სპეციალობის შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გააზრებულად მიმეღო. პირველი AP კურსი – AP მიკროეკონომიკა დამეხმარა, სიღრმისეულად ჩამეხედა იმ სფეროში, რომელიც ყოველთვის მხიბლავდა. სხვა AP საგნებმა, როგორიცაა AP კალკულუს AB, AP კალკულუს BC, AP ფსიქოლოგია, AP საზოგადოებრივი გეოგრაფია, AP სემინარი, AP სტატისტიკა და AP კვლევა, შემიქმნა მყარი აკადემიური საფუძველი, რომელსაც მომავალში უკვე საუნივერსიტეტო ცოდნით გავამდიდრებ.
აქვე დავამატებ, რომ კლასგარეშე საქმიანობაშიც აქტიურად ვიყავი ჩართული(TEDx ღონისძიება, სტაჟირებები, მოხალისეობრივი აქტივობები, საგრანტო პროექტები და მოსწავლეთა პარლამენტში ჩართულობა), რამაც მნიშვნელოვნად განმივითარა ლიდერული უნარები და საზოგადოებაში სასიკეთო ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა მომცა.
მადლობას ვუხდი საუნივერსიტეტო განათლების ოფისს, აკადემიურ გუნდს, სკოლის ადმინისტარციას რჩევებისა და მხარდაჭერისთვის.