მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი გელაძე გახდა
5 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები, რომელმაც დემოკრატიული პროცესები გააცოცხლა სასკოლო გარემოში. მოსწავლეებმა სასურველ კანდიდატს მისცეს ხმა და ამავდროულად არჩევნების პროცედურებში ჩართულობით სერიოზული გამოცდილებაც მიიღეს. არჩევნებში სამივე პროგრამის (ქართული პროგრამა, IB და AHS) VI-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ხმის მიცემის პროცესი დაიწყო 9:30 საათზე და დასრულდა 14:00 საათზე. პროცესმა მშვიდად ჩაიარა, არ დაფიქსირებულა დარღვევები. ხმების დათვლის პროცესში ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, მეტი გამჭვირვალობის მიზნით, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარეობის კანდიდატების ნდობით აღჭურვილი პირები.
არჩევნების შედეგები სკოლის სააქტო დარბაზში გამოცხადდა, მოსწავლეები ონლაინ ესწრებოდნენ ღონისძიებას Zoom პლატფორმაზე. ყოფილმა თავმჯდომარემ, ანამარია იაკობიძემ მიმართა კანდიდატებს და სამომავლო წარმატება უსურვა მათ. საზოგადოებას სკოლის დირექტორმა სოფიო ბაზაძემ წარუდგინა გამარჯვებული კანდიდატი. მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე გახდა გიორგი გელაძე.