მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია
17 მაისს “ევროპულ სკოლაში“ გაიმართა მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც ქართული და საერთაშორისო პროგრამების მოსწავლეებმა წარადგინეს მოხსენებები ენისა და ლიტერატურის მიმართულებით არჩეულ თემებზე. მოსწავლეთა მოგზაურობა ლიტერატურის სამყაროში კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი საქმიანობის დემონსტრირების შესანიშნავი შესაძლებლობა აღმოჩნდა. ნორჩმა მკვლევარებმა აუდიტორიას გააცნეს: საყვარელი წიგნები, ცნობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების უცნობი დეტალები, დაეუფლნენ თარგმნის ტექნიკას და თავი გამოსცადეს ამ მიმართულებით, მათ რუსულ ენაზე თარგმნეს გიორგი კეკელიძის “თომას ზღაპრები”, შეადარეს და გაანალიზეს შექსპირის სონეტების ქართული თარგმანები, განიხილეს XX საუკუნის დასაწყისის მულტიკულტურულ თბილისში არსებული ლიტერატურული მიმდინარეობები, შექმნეს პლაკატები სიმბოლიზმის, დადაიზმის თემებზე და სხვ.
ახალგაზრდა მკვლევარები სკოლამ სერტიფიკატებით დააჯილდოვა. კონფერენციამ მოსწავლეთა კვლევისა და შემოქმედებითი საქმიანობის მიმართ დამსწრეთა დიდი ინტერესი და აქტიური ჩართულობა გამოიწვია.