მშობლისა და პედაგოგის ურთიერთთანამშრომლობა დისტანციური სწავლების პროცესში

ვფიქრობ, ყველა, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება სასკოლო ასაკის ბავშვის პრობლემებთან, დამეთანხმება, რომ სკოლის მოსწავლის პრობლემა, განურჩევლად იმისა, სასწავლო იქნება ის თუ ქცევითი, მხოლოდ პედაგოგისა და მშობლის ურთიერთთანამშრომლობით შეიძლება გადაიჭრას. ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც და, სავარაუდოდ, ასევე იქნება მომავალშიც. თანამშრომლობის აუცილებლობა განსაკუთრებით ცხადი გახდა დისტანციური სწავლების პირობებში. ალბათ, ეს ბუნებრივიცაა, რადგან სწავლების ამ ფორმის გამოყენების დროს პედაგოგი გაცილებით ნაკლებ ინფორმაციას ფლობს ბავშვის, მისი ემოციური მდგომარეობის, სასწავლო პროცესში მისი ჩართულობის, ქცევის შესახებ, ვიდრე მშობელი. უფრო მეტიც – ონლაინ სწავლების პირობებში პედაგოგისა და მშობლის როგორც ინფორმაციის გადამცემისა და მიმღების როლებიც კი შეიცვალა. თუ ადრე, რეალურ სასკოლო გარემოში სწავლა-სწავლების დროს მშობლები აკითხავდნენ პედაგოგებს და ცდილობდნენ მათგან მიეღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ იქცევა მათი შვილი, როგორ ერთვება საგაკვეთილო პროცესში, როგორია მისი სასწავლო მოტივაცია, ახლა, დისტანციური სწავლების პირობებში, პირიქით, პედაგოგს უწევს მშობლისგან ინფორმაციის მიღება ბავშვის ემოციური მდგომარეობის, მისი ქცევის, სასწავლო პროცესში ჩართულობისა და სასწავლო მოტივაციის შესახებ. ეს ბუნებრივია, ვინაიდან ონლაინ სწავლების დროს, სწავლების აღნიშნული ფორმის თავისებურებებიდან გამომდინარე, მშობელს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს დააკვირდეს ბავშვს, მის ქცევას როგორც საგაკვეთილო, ისე არასაგაკვეთილო პროცესში; გაიგოს მისი ემოციური მდგომარეობა, რა აწუხებს, რა უხარია, რა სჭირდება, რა სირთულეებს ეჯახება ასეთი ფორმით სწავლების დროს. ბავშვის შესახებ ასეთი ინფორმაცია პედაგოგისთვის საკმაოდ ფასეულია და დიდ დახმარებას უწევს ბავშვთან საგაკვეთილო მუშაობის პროცესში. 15, 20 თუ 30-წუთიანი ონლაინ ჩართვების დროს პედაგოგისთვის ზემოაღნიშნული ინფორმაციის მოპოვება არ არის ადვილი და, რომც მოიპოვოს, ის ვერ იქნება სარწმუნო, მაშინ როდესაც მშობლისთვის, რომლის თვალწინაც ტრიალებს ბავშვი მთელი დღის განმავლობაში, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
მაინც რა სირთულეებს შეიძლება შეეჯახოს პედაგოგი ონლაინსწავლების დროს, რა სახის ინფორმაციის დეფიციტს შეიძლება განიცდიდეს ის ბავშვთან ურთიერთობისას და როგორ შეიძლება დაეხმაროს მას მშობელი აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებასა და მის შვილთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში?
ბავშვი სისტემატურად აცდენს ონლაინგაკვეთილებს. გაკვეთილებზე არდასწრება შესაძლოა სრულიადაც არ ნიშნავდეს იმას, რომ ბავშვს არ აინტერესებს სწავლა, არ უნდა გაკვეთილზე ყოფნა, მასში მონაწილეობა. რასაკვირველია, ერთ-ერთი მიზეზი ესეც შეიძლება იყოს, მაგრამ ხშირად მიზეზი ისეთია, რომ ბავშვი მას დამოუკიდებლად ვერ გაართმევს თავს. მაგალითად, შესაძლოა, ბავშვს საერთოდ არ ჰქონდეს საჭირო ტექნიკური მოწყობილობები, ან ჰქონდეს კომპიუტერი ტექნიკური პრობლემებით, რომლებიც ხელს უშლის, საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად ჩაერთოს. შესაძლოა, ბავშვს ხელს უშლიდეს უქმნიდეს ის გარემოება, რომ ოჯახში რამდენიმე მოსწავლეა, კომპიუტერი კი ერთი აქვთ, გაკვეთილები ერთდროულად მიმდინარეობს და ყველა ბავშვი ვერ ახერხებს საგაკვეთილო პროცესში ჩართვას. დისტანციური სწავლების დროს ბავშვის გაკვეთილზე დაუსწრებლობას კიდევ უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და ამის შესახებ ინფორმაცია პედაგოგმა სწორედ მშობლისგან უნდა მიიღოს.
* ბავშვი გაკვეთილს ესწრება, მაგრამ მიკროფონი მუდმივად გათიშული აქვს. ხშირად მაშინაც არ რთავს, როცა მასწავლებელი კითხვას უსვამს, თავის გასამართლებლად მესიჯებს უგზავნის მასწავლებელს და ატყობინებს, რომ მის კომპიუტერს ტექნიკური პრობლემა აქვს. არ არის გამორიცხული, ეს მიზეზი ნამდვილად არსებობდეს, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვი გაკვეთილისთვის მოუმზადებლობას ტექნიკური პრობლემებით ნიღბავს. გარდა ამისა, შესაძლოა ის ამ დროს საერთოდ არ იმყოფებოდეს გაკვეთილზე, ან, იმისთვის, რომ ბავშვს გაცდენები არ დაუგროვდეს და მომდევნო კლასში მის გადაყვანას საფრთხე არ დაემუქროს, შესაძლოა, თავად მშობელი ან ვინმე სხვა “კეთილისმყოფელი“ დაფიქსირდეს მისი სახელითა და გვარით გაკვეთილზე დამსწრეთა სიაში და გამორთული მიკროფონით მთელი გაკვეთილი პასიური მსმენელის როლში გაატაროს. შესაძლოა, ბავშვი არ რთავდეს მიკროფონს იმის გამო, რომ ამ დროს ოჯახის წევრები ხმამაღალი საუბრით ერთმანეთში ურთიერთობას არკვევენ და ბავშვს არ სურს, ამის მოწმენი მისი მასწავლებელი და თანაკლასელები გახდნენ. ონლაინსწავლების დროს ბავშვისთვის ემოციურად და სოციალურად უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა მთლიანად ოჯახზეა დამოკიდებული. თუ ბავშვს არ ექნება დაცულობისა და კომფორტის განცდა, მას ძალიან გაუჭირდება საგაკვეთილო პროცესში ინტერესით ჩართვა.
* ბავშვი გაკვეთილს ესწრება, მიკროფონსაც რთავს და, მართალია, უხალისოდ და პაუზებით, მაგრამ მაინც პასუხობს, როცა მასწავლებელი პირადად მას მიმართავს, მაგრამ ვიდეოკამერა მუდმივად გათიშული აქვს. ამასაც უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ვიდეოკამერების გათიშვა, როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, უფრო მეტად საშუალო და უფროსი ასაკის მოსწავლეებს ახასიათებთ, სწორედ იმ მოსწავლეებს, რომლებთანაც აშკარად ვლინდება დეპრესიის ნიშნები (მოტორული აქტივობის დაქვეითება, გუნება-განწყობის შეცვლა, შენელებული აზროვნება, უძილობა, უმადობა, გულგრილობა, ჩაციკვლა ერთ აზრზე – “მე ყველაფერი ცუდად მაქვს“, “მე არავის ვუყვარვარ“), დიდი ალბათობით, მუდმივად გათიშული ვიდეოკამერაც შეიძლება დეპრესიისა და ემოციური არამდგრადობის მაჩვენებელი იყოს.
* ბავშვმა დიდი ხალისით და ინტერესით დაიწყო ონლაინ რეჟიმში სწავლა, მიკროფონი და ვიდეოკამერაც თითქმის ყოველთვის ჩართული ჰქონდა, აქტიურობდა, პედაგოგის კითხვებს ხალისით პასუხობდა, დავალებებსაც მონდომებით ასრულებდა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ პასიური გახდა, თითქოს ინტერესიც დაკარგა, საგაკვეთილო პროცესშიც ადრინდელი ხალისით აღარ ერთვება და, თუ შესაძლებლობა მიეცა, შეიძლება საერთოდ გააცდინოს გაკვეთილი, ან დაესწროს, მაგრამ მთელი გაკვეთილი პასიური მსმენელის როლში იყოს და ვერც მასწავლებელმა და ვერც ბავშვებმა მისი გაკვეთილზე ყოფნა ვერ შეამჩნიონ. თუ გავითვალისწინებთ, როგორი საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს სასკოლო ასაკის ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ყოველდღიურად 5-6 საათი კომპიუტერთან ჯდომა, ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ბავშვის ზემოაღნიშნული ქცევა შეიძლება მისი გადაღლით იყოს გამოწვეული და აქტიური დასვენების შემდეგ ის კვლავ თავდაპირველი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთოს სასწავლო პროცესში.
ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ ამ პრობლემის მიზეზის დადგენის შემდეგაა შესაძლებელი, განსაკუთრებით – დისტანციური სწავლების პროცესში, და ამაში დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ მშობლებს. მათთან თანამშრომლობა იმის საწინდარია, რომ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა, განურჩევლად იმისა, სასწავლოა ის თუ ქცევითი, წარმატებით დაიძლევა.