ნიკა ბეჟუაშვილი - ევროპული სკოლიდან კოლუმბიის უნივერსიტეტამდე

მადლიერი ვარ, რომ ჩავირიცხე ცხრა საუკეთესო უნივერსიტეტში, რომელიც სტუდენტებს მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს. გარკვეული ფიქრისა და განსჯის შემდეგ გადავწყვიტე, სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში განვაგრძო.

ეკონომიკაზე არჩევანის შეჩერება შედარებით გამიადვილდა. ვფიქრობ, მომავალ პროფესიაზე აზრის ჩამოყალიბებაში დამეხმარა სკოლის კურიკულუმი, AP საგნები და საზაფხულო პროგრამები სტენფორდსა (ID Tech Camp) და ჰარვარდში (სადაც ჰარვარდის პროფესორები მასწავლიდნენ მაკროეკონომიკასა და Real-World ეკონომიკას).

AP მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა კარგი დასაწყისი იყო. შემდეგ AP ფსიქოლოგიაც გავიარე, რომელმაც ინტერესი გამიჩინა ქცევითი ეკონომიკის მიმართ.

კოლუმბიის სასწავლო პროგრამისთვის კარგად მომამზადა ისეთმა AP საგნებმა, როგორიცაა საზოგადოებრივი გეოგრაფია, მსოფლიოს ისტორია, შედარებითი პოლიტიკა, AP სემინარი და აშშ-ის ისტორია. რაც შეეხება მათემატიკურ მოდულებს, ჩაბარებული მაქვს AP კალკულუს AB და ახლა ვსწავლობ AP კალკულუს BC-ს, AP სტატისტიკასა და AP კომპიუტერულ მეცნიერებას. ვფიქრობ, Ivy League განათლების გამოწვევებისთვის მზად ვარ.

ჩემი დაგროვილი გამოცდილება კლასგარეშე აქტივობებში (TEDx, საზაფხულო პროგრამები, სასკოლო კლუბები) დამეხმარება აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაში უნივერსიტეტის კემპუსზე. ასევე შემიძლია, სტუდენტურ ორგანიზაციებთან დაკავშირებით რჩევების მისაღებად მივმართო ჩემს ძმას, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია.

მინდა, გითხრათ გამოცდებსა და ტესტებზეც. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტების უმრავლესობაში სტანდარტიზებული ტესტების გაგზავნა ნებაყოფლობითი გახდა და ენის სერტიფიკატის მოთხოვნის არიდება ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლის გამო შემეძლო, მაინც ჩავაბარე SAT (1520) და IELTS (8.0)  12 AP საგანთან ერთად.

მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებლებს,  საუნივერსიტეტო მრჩეველსა და სკოლის მთელ საზოგადოებას ამ წლების განმავლობაში ჩემი მხარდაჭერისთვის.

 

Share on: