საზაფხულო არდადეგები დისტანციური სწავლების შემდეგ
დადგა ყველა ბავშვისთვის საოცნებო და სანატრელი პერიოდი, დაიწყო საზაფხულო არდადეგები. ნებისმიერი მოსწავლე საზაფხულო არდადეგებს ადრეც მოუთმენლად ელოდა, მაგრამ მიმდინარე წელს, განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში სასწავლო პროცესის მეტად უჩვეულო და აქამდე ბევრისთვის უცხო ფორმით მიმდინარეობის გამო, საზაფხულო არდადეგები კიდევ უფრო სასურველი და სანატრელი გახდა ონლაინსწავლებით გადაღლილი ბავშვებისთვის. ნებისმიერი ასაკის ადამიანს და მითუმეტეს სკოლის მოსწავლეს, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დატვირთული და დამღლელი საქმიანობის შემდეგ, აუცილებლად ესაჭიროება დასვენება. სწორედ ამისთვის არსებობს სასკოლო არდადეგები წელიწადის სხვადასხვა დროს – შემოდგომით, ზამთარში, გაზაფხულზე და ზაფხულში. უნდა ითქვას, რომ მართალია, დასვენების დღეები ბავშვს ყოველთვის, წელიწადის ნებისმიერ დროს ახარებს, მაგრამ საზაფხულო არდადეგები მისთვის მაინც განსაკუთრებით გამორჩეული და სასურველია. უპირველეს ყოვლისა, ალბათ იმიტომ, რომ ის ყველაზე ხანგრძლივია; გარდა ამისა, აღნიშნული პერიოდის თავისებურებებიდან გამომდინარე, შესანიშნავი ამინდების წყალობით ბუნებაში ყოფნის, საინტერესო ლაშქრობების მოწყობის, ღია ცის ქვეშ თამაშის და გართობის მეტი შესაძლებლობა ეძლევა. ამასთან, ამ პერიოდში მას მეტი საშუალება აქვს შეხვდეს ძველ ნაცნობ-მეგობრებს, შეიძინოს ახალი მეგობრები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საზაფხულო არდადეგების დროს გვაქვს ძალინ კარგი შესაძლებლობა ბავშვის ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშესაწყობად, რისი დეფიციტიც აშკარად შეიქმნა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ბავშვის სახლში გამოკეტვის და დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის გამო. თუმცა, ყოველივე ზემოაღნიშნული მხოლოდ შესაძლებლობებია და იქცევა თუ არა ის რეალობად, ეს ბევრად იქნება დამოკიდებული ოჯახსა და მშობლებზე, იმ ადამიანებზე, რომელთა გვერდითაც მოუწევს ბავშვს საზაფხულო არდადეგების გატარება. მაინც, რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ ბავშვმა ნაყოფიერად, ეფექტიანად გაატაროს საზაფხულო არდადეგები და მაღალი მოტივაციით და ენერგიით სავსე დაუბრუნდეს სასწავლო პროცესს:
- უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომლითაც დაკავებულია ბავშვი, განურჩევლად იმისა სასწავლო პროცესშია ის ამ დროს ჩართული, თუ საზაფხულო არდადეგებით ტკბება, მისი განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული. ამ შემთხვევაში საუბარია ბავშვის არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებაზეც. აღნიშნული მიმართულებებით ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გონებრივ განვითარებაზე ზრუნვა. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ განვითარება, ნებისმიერი მიმართულებით უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს. განვითარებაში არდადეგები და დასვენების დღეები არ არსებობს. ონლაინსწავლების ყველაზე დიდი დამსახურება სწორედ უწყვეტობის შენარჩუნებაა ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაში. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვით სხვა მიმართულებებით ბავშვის განვითარებაზე. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, აუცილებლობიდან გამომდინარე, თითქმის მთელი დღე კომპიუტერის წინ ჯდომამ და ფაქტიურად უმოძრაო ცხოვრებამ სერიოზულად დააზარალა ბავშვის ფიზიკური განვითარება. სახლში გამოკეტვამ, ურთიერთობის დეფიციტმა და, უპირველეს ყოვლისა, თანატოლებთან ცოცხალი ურთიერთობის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობამ უარყოფითად იმოქმედა ბავშვის, როგორც სოციალურ, ასევე ემოციურ განვითარებაზე. შეგვიძლია საზაფხულო არდადეგები ძალიან კარგად გამოვიყენოთ აღნიშნული მიმართულებებით ბავშვის განვითარებაში დაფიქსირებული სირთულეების დასაძლევად. ამის გაკეთება ადვილად შეიძლება სხვადასხვა სახის სპორტული და გასართობი თამაშების ორგანიზებით, ლაშქრობების, ექსკურსიების მოწყობით, თანატოლებთან შეხვედრების და მათთან ურთიერთობის ხელშეწყობით;
- გამოვიყენოთ საზაფხულო არდადეგები კომპიუტერულ ტექნიკაზე მიჯაჭვულობისაგან ბავშვის გასანთავისუფლებლად, თუნდაც სასწავლო პროცესის განახლებამდე მაინც. ონლაინსწავლებამ კიდევ უფრო გააძლიერა დისტანციურ სწავლებამდეც დაფიქსირებული მოზარდთა უზომო დამოკიდებულება კომპიუტერზე. სამწუხაროდ, სწავლების ახალ ფორმაზე გადასვლის შემდეგაც მოზარდებმა უარი ვერ თქვეს მათთვის ესოდენ საყვარელ კომპიუტერულ თამაშებზე. ამასთან ერთად, მონატრებულ თანაკლასელებთან ურთიერთობას გაკვეთილების შემდეგ, ონლაინ რეჟიმში, ისინი ასევე კომპიუტერის დახმარებით ცდილობდნენ. ყოველივე აღნიშნულმა საბოლოო ჯამში ისე გაზარდა მოზარდის კომპიუტერულ ტექნიკასთან გატარებული დროის ხანგრძლივობა, რომ ის მეცნიერულად დადგენილ ყველანაირ ნორმებს ცილდება, რაც ბუნებრივია უარყოფით ასახვას ჰპოვებს მის ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაში. მოსალოდნელი სირთულეების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია საზაფხულო არდადეგების აქტიურად გამოყენება. გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ბავშვისთვის ყველაზე მიმზიდველი და სასურველი მშობლებთან და ოჯახის წევრებთან დროის გატარებაა. ამდენად, თუ ჩვენ გამოვნახავთ დროს, სწორად დავგეგმავთ და კარგ ორგანიზებას გავუკეთებთ ბავშთან ერთად განსახორციელებელ ამა თუ იმ აქტივობას (სხვადასხვა სახის თამაშები, საუბრები, წიგნის ერთად კითხვა და ა.შ.), მას კომპიუტერი შეიძლება აღარც კი გაახსენდეს. მაგრამ, თუ შვილი მშობელს მუდმივად კომპიუტერის წინ ან სმარტფონით ხელში ხედავს, ადვილი და ამასთან სამართლიანი არ იქნება მშობლის მხრიდან ბავშვისთვისთვის მოთხოვნის წაყენება უარი თქვას კომპიუტერზე და სხვა საქმით დაკავდეს;
- ნუ ვაქცევთ საზაფხულო არდადეგეგბს ბავშვისთვის სასწავლო პროცესის ერთგვარ გაგრძელებად. ბევრი პედაგოგი წლის ბოლოს თადარიგს იჭერს და იმ მოტივით, რომ მისი ნასწავლი არ დაივიწყონ მოსწავლეებმა, ზაფხულის პერიოდში საკმაოდ დიდი მოცულობის დავალებებით ტვირთავს მათ, მითუმეტეს, თუ მშობლებიც აქტიურობენ ამ მხრივ და თავადვე მოითხოვენ მასწავლებლისგან, რომ დავალებების გარეშე არ გაუშვას ბავშვი არდადეგებზე. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის გონება ყველა იმ ინფორმაციას, რასაც ჩვენ გადავცემთ, ვერ დაიტევს და ყველაფრის დამახსოვრება არც არის საჭირო. სკოლაში სწავლების მთავარი მიზანი სწავლის სწავლა და ბავშვის განვითარების ხელშეწყობა უნდა იყოს და არა უსაზღვრო მოცულობის ინფორმაციით მისი გონების ამოვსება. ასე, რომ უმჯობესია ბავშვმა იცოდეს ნაკლები, მაგრამ შეეძლოს ამ ცოდნის გამოყენება, ჰქონდეს დამოუკიდებლად სწავლის უნარი, რომ საჭირო შემთხვევაში შეძლოს ამა თუ იმ სახის ინფორმაციის მოძიება, გამოყენება და პრობლემისთვის თავის გართმევა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს მაგ. უცხო ენაში წლის განმავლობაში ნასწავლი სიტყვებით სავსე რვეული მივცეთ და მოვთხოვოთ ყველაფერი გაიმეოროს და შემდეგ ჩაგვაბაროს, ვეთამაშოთ მას ისეთი თამაში, სადაც ის ადგილობრივი მკვიდრი იქნება, ჩვენ ტურისტი, გავმართოთ ისეთი დიალოგი ჩვენ შორის, რომ მას დასჭირდეს ნასწავლი უცხო სიტყვების და ფრაზების გამოყენება. ამ გზით ის მიღებული ცოდნის გახსენებას, გამოყენებას და დამახსოვრებას ბევრად უფრო ადვილად და ხალისით შეძლებს. ბავშვთან ურთიერთობის აღნიშნული ფორმა შეიძლება ნებისმიერ საგანში ნასწავლი მასალის გასახსენებლად და განსამტკიცებლად გამოვიყენოთ. მაგ. არ იქნება გამართლებული მოვითხოვოთ ბავშვისგან აიღოს ისტორიის ან გეოგრაფიის სახელმძღვანელო და გაიმეოროს ყველაფერი, რაც წლის განმავლობაში ისწავლა, იმ დროს, როცა ის საქართველოს რომელიმე ლამაზ კუთხეში ისვენებს და შეუძლია ადგილობრივ მაცხოვრებლებთან საუბრით ბევრი რამ გაიგოს ამ კუთხის ისტორიის და მისი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი მოსწავლეები წლევანდელი საზაფხულო არდადეგების გატარებას, ცნობილი მიზეზების გამო, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, მის სხვადასხვა კუთხეში შეძლებენ. ეს მათ ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს, რომ უკეთესად გაიცნონ საკუთარი ქვეყნის ცალკეული კუთხეები, მისი ისტორია, გეოგრაფია, ადგილობრივი მოსახლეობა, მათი ტრადიციები. სკოლაში დაბრუნებულები კი თანატოლებს გაუზიარებენ მიღებულ ცოდნას და შთაბეჭდილებებს, რაც მოზარდი თაობისთვის საქართველოს, საკუთარი ქვეყნის უკეთესად გაცნობის კარგი საშუალება იქნება. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი ბავშვის საუბრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, ამ კუთხის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ხელს შეუწყობს მოზარდში საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების, საუბრის ეფექტიანად წარმართვის, შეკითხვების სწორად შერჩევის, ფორმულირების, გამოყენების უნარის განვითარებას. აღნიშნული უნარები მას მომავალში სასწავლო პროცესში საკმაოდ გამოადგება და მისთვის შეიძლება ის სასწავლო წარმატებების წინაპირობაც გახდეს;
- საზაფხულო არდადეგები ძალიან კარგი პერიოდია მხატვრული ლიტერატურის საკითხავად. არსებობს მცდარი აზრი, რომ მშობელმა ბავშვს მანამდე უნდა უკითხოს წიგნები, სანამ ის კითხვას ისწავლის; მას შემდეგ კი, რაც კითხვას დაეუფლება, უკვე თავად, დამოუკიდებლად უნდა იკითხოს. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის მშობელთან ერთად კითხვა უდიდესი სიამოვნების მიმნიჭებელია და ნუ მოვაკლებთ მას ამ სიამოვნებას. მშობლების გვერდით ყოფნა კითხვის პროცესში განსაკუთრებით ისეთ ბავშვებს სჭირდებათ, რომელთაც კითხვის უნარ-ჩვევები ჯერ კარგად არა აქვთ განვითარებული და უჭირთ როგორც კითხვა, ასევე წაკითხულის გააზრება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბავშვებს არ უყვართ იმ საქმის კეთება, რაც კარგად არ გამოსდით და პრობლემების შემქმნელი ხდება მათთვის. სწორედ ამ დროს არის საჭირო უფროსის ჩართვა და ბავშვის დახმარება. თუ ვიცით, რომ ბავშვი, მისი ასაკიდან გამომდინარე, უკვე კარგად უნდა კითხულობდეს, მაგრამ კითხვის ტექნიკა სათანადოდ არა აქვს განვითარებული და უჭირს კითხვა, ნაცვლად იმისა, რომ სკოლის სახელმძღვანელო დავუდოთ წინ და ვაკითხოთ ის ტექსტები, რომლებიც მრავალჯერ აქვს მოსმენილი და მისთვის საინტერესო ნამდვლად აღარ არის, შევარჩიოთ ბავშვის ასაკის შესაფერისი წიგნი ფერადი ნახატებით, სადაც თითოეულ გვერდზე ნახატთან ერთად მცირე მოცულობის ტექსტი იქნება წარმოდგენილი, მივუჯდეთ ბავშვს გვერდით, დავიწყოთ კითხვა, მოგვიანებით რომელომე საინტერესო ადგილას გავჩერდეთ და ვთხოვოთ, რომ მან გააგრძელოს კითხვა; შემდეგ კი ვისაუბროთ წაკითხულის შესახებ, ან მოვახდინოთ წაკითხულის ინსცენირება. გავითვალისწინოთ, რომ საოჯახო თეატრალურ წარმოდგენებში მონაწილეობა ბავშვისთვის ყველაზე საყვარელ საქმიანობას წარმოადგენს. ამგვარად გატარებული დრო საზაფხულო არდადეგებს უფრო მეტ მომხიბვლელობას და მიმზიდველობას ანიჭებს.
რასაკვირველია, თითოეული ზემოაღწერილი აქტივობის განხორციელება მშობლის მხრიდან საჭიროებს დროს, სურვილს, მისი საჭიროების, აუცილებლობის დანახვის, გააზრების და გაცნობიერების უნარს. გავითვალისწინოთ, რომ საზაფხულო არდადეგების პერიოდში ბავშვთან აღნიშნული სახის ურთიერთობებით და საქმიანობით ჩვენ მისი შემდგომი, როგორც ინტელექტუალური, ისე ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშემწყობი ვხდებით, ვუმუშავებთ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მას სასკოლო სწავლების პროცესში გამოადგება და მისი სასწავლო წარმატებების წინაპირობა გახდება.