როგორ შევინარჩუნოთ ბავშვის ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობა და ემოციური სტაბილურობა საზოგადოებაში შექმნილი დაძაბული სიტუაციის პირობებში

საზოგადოების და ქვეყნის განვითარების პროცესში დგება პერიოდები, როდესაც სხვადასხვა სახის დაპირისპირებების გამო იმდენად იძაბება  სიტუაცია, რომ ადამიანები ემოციური აფეთქების ზღვართან მიდიან და მათი ქცევაც ხშირად უმართავი ხდება. საზოგადოებაში შექმნილი დაძაბულობა, როგორც წესი, პირველ რიგში ბავშვებზე და მათ ემოციურ ცხოვრებაზე, ემოციურ მდგომარეობაზე ჰპოვებს ხოლმე ასახვას, რაც იმაში ვლინდება, რომ იმატებს შფოთიანობა, ნევროზი, შიშები, ფობიები.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ადამიანის ქცევის წარმართველი მისი ემოციები, ემოციური მდგომარეობაა, დაძაბულ სიტუაციებში ბავშვებში ქცევითი პრობლემების მატებაც არ უნდა იწვევდეს ჩვენს გაკვირვებას. ბუნებრივია, რომ ბავშვის მყიფე ფსიქიკას უჭირს იმ ყველაფრის უმტკივნეულოდ ატანა, რაც უფროსების ფსიქიკასაც არანაკლებ ანადგურებს.

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ საზოგადოებაში და მთელს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა რაც შეიძლება ნაკლები ზიანის მომტანი აღმოჩნდეს ბავშვისთვის, მისი ემოციური ცხოვრებისთვის. როგორ შევინარჩუნოთ ასეთ დროს ბავშვის ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობა, რაც ვფიქრობ ნებისმიერი აღმზრდელის, ნებისმიერი მშობლის უპირველეს საზრუნავს უნდა წარმოადგენდეს.

რეკომენდაციები:

  • უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის ემოციურ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები (დეპრესია, შიში, შფოთვა და ა.შ.), როცა მის გარშემო დაძაბულობა მატულობს, ძალიან ბუნებრივია და ამან პანიკაში არ უნდა ჩაგვაგდოს. პირიქით, ჩვენს შეშფოთებას და წუხილს ალბათ ის უნდა იწვევდეს, თუ მიმდინარე ცვლილებები, უფროსების დაძაბული მდგომარეობა ბავშვის ფსიქიკაზე არანაირ გავლენას არ ახდენს;
  • საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გარემოს გავლენა ბავშვზე მისთვის უახლოესი ადამიანებით, პირველ რიგში მშობლებით და მასწავლებლებით არის გაშუალებული. ამიტომ, თუ გვინდა, რომ დაძაბულ სიტუაციაში ბავშვმა ემოციური სტაბილურობა შეინარჩუნოს, ჩვენ, უფროსები ჩვენი ემოციური სიმშვიდით უნდა გავხდეთ მისთვის საიმედო საყრდენი, რომელიც სახიფათო სიტუაციაში მას დამხმარედ და დამცველად მოევლინება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს უსაფრთხოებისა და დაცულობის გრძნობას, რაც დაუყონებლივ ჰპოვებს ასახვას მის ემოციურ მდგომარეობაზე. ასეთ ბავშვებში ხშირად ვლინდება შიშები, შფოთვა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და აგრესიული ქცევა;
  • გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ბავშვებს არავერბალური კომუნიკაციის უნარი, რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, უფროსებზე ბევრად უკეთესად აქვთ განვითარებული. ამიტომ, მათ უსიტყვოდაც, მხოლოდ სახის გამომეტყველებით ბევრი რამის გაგება შეუძლიათ ჩვენი ემოციური მდგომარეობის შესახებ. ამდენად, ჩვენი დამამშვიდებელი საუბრები, თუ სახეზე შფოთვა, წუხილი და შიში გვაქვს აღბეჭდილი, ვერანაირ დახმარებას ვერ გაუწევს ბავშვს. უფრო მეტიც, ჩვენი ქმედება შეიძლება მან სიყალბედაც კი აღიქვას და საერთოდ დაკარგოს ნდობა. ამიტომ, თუ ჩვენი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე  გვიჭირს ბავშვთან რეალური სიმშვიდის შენარჩუნება და სახეზე ყალბი ღიმილით ვცდილობთ მის დამშვიდებას, აჯობებს საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ და ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე ვიზრუნოთ. არსებობს სხვა გზაც – ვიყოთ გულწრფელი ბავშვთან, ვუთხრათ, რომ ჩვენ ძალიან გაბრაზებული, შეწუხებული და შეშფოთებული ვართ ამისა და ამის გამო. თუმცა, ამ დროსაც ის ჩვენში ძლიერ პიროვნებას უნდა ხედავდეს და არა დათრგუნულ და განადგურებულ ადამიანს;
  • მაქსიმალურად შევეცადოთ დავიცვათ ბავშვი, მისი ფსიქიკა საინფორმაციო საშუალებებიდან მომდინარე ნეგატიური ინფორმაციის ნაკადის უარყოფითი ზემოქმედებისაგან. რა თქმა უნდა, დღეს, როცა თითქმის ყველა ბავშვს ხელთ უპყრია სმარტფონები და გაჯეტები, ამის გაკეთება ადვილი არ იქნება. მაგრამ, თუ ჩვენ გამოვნახავთ დროს და ბავშვთან ერთად დავკავდებით მისთვის საინტერესო საქმიანობით, ზემოაღნიშნული რჩევა დაუძლეველ ამოცანად ნამდვილად არ დარჩება;
  • თუ ბავშვი გამოთქვამს სურვილს, რომ ვესაუბროთ არსებული მდგომარეობის, მიმდინარე მოვლენების შესახებ, არ იქნება გამართლებული მისი სურვილის და ინტერესის უყურადღებოდ დატოვება. ვესაუბროთ მოზარდს არსებული მდგომარეობის, მიმდინარე მოვლენების შესახებ. საუბრისას ძირითადად ყურადღება გავამახვილოთ ბავშვის ემოციებზე, გრძნობებზე, აზრებზე, ფიქრებზე მიმდინარე მოვლენების მიმართ და მოვერიდოთ აღნიშნული მოვლენების შეფასებას. ჩვენი დახმარებით გაკეთებული ანალიზის საფუძველაზე მან თავად უნდა შეიმუშაოს საკუთარი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, რაც მის გარშემო ხდება. ეს დამოუკიდებელი, დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნების ფორმირების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სწორი  დამოკიდებულების პირობებში ჩვენ შევძლებთ დავიცვათ ბავშვის ფსიქიკა უარყოფითი გავლენებისგან და შევუნარჩუნოთ მას ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობა.

ქეთევან ოსიაშვილი

10.12.2024

Share on: