სირთულეები პირველკლასელთა დისტანციურ სწავლებაში და მათი დაძლევის გზები
დისტანციურ სწავლებაზე მოულოდნელმა და ამასთან, ექსტრემალურ სიტუაციაში გადასვლამ სერიოზული სირთულეების წინაშე დააყენა, ერთი მხრივ, სკოლა და მასწავლებელი, მეორე მხრივ, კი მშობელი და მოსწავლე. სირთულეებს შეიძლება შევხვდეთ ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე, როგორც დაწყებითი კლასების და მეორე სასკოლო ასაკის, ასევე უფროსი კლასების მოსწავლეებთან ონლაინ სწავლების დროს. ვფიქრობ, არ იქნება გამართლებული იმაზე მსჯელობა, თუ რომელი ასაკის ბავშვებთან მომუშავე პედაგოგს უწევს უფრო მეტ სირთულეებთან გამკლავება. გამომდინარე მოსწავლეთა ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან, სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე მომუშავე სკოლის პედაგოგი შეიძლება სრულიად განსხვავებულ, მხოლოდ ამ კონკრეტული ასაკისათვის დამახასიათებელ სირთულეებს ხვდებოდეს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სასკოლო სწავლების პირველი წელი, არათუ სხვა ასაკობრივი პერიოდებისაგან განსხვავდება, არამედ დაწყებით კლასებშიც კი შეიძლება ცალკე იქნეს გამოყოფილი თავისი სპეციფიურობიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრი იქნება, თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება იდგნენ ის მასწავლებლები, რომლებიც პირველ კლასებში ყოველდღიურად ონლაინ გაკვეთილებს ატარებენ. ერთგვარი შვების მომგვრელი მათთვის მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა მოუწიათ არა სასწავლო წლის დასაწყისში, სექტემბრის ან ოქტომბრის თვეში, როდესაც სკოლასთან ადაპტაციის და ბავშვის მოსწავლედ ჩამოყალიბების პერიოდი მთელი სიმწვავით მიმდინარეობდა, არამედ სასწავლო წლის მეორე ნახევარში, როცა თითქმის ყველა პირველკლასელი მეტ-ნაკლებად შეეგუა სკოლას, მასწავლებელს და მოსწავლის როლს.
დარწმუნებული ვარ პირველკლასელთა არცერთი მასწავლებელი არ ისურვებდა თავის მოსწავლეებთან პირველ შეხვედრას და მათ გაცნობას ონლაინ გაკვეთილზე. ერთი წუთით თუ წარმოვიდგენთ იმ ბავშვის მდგომარეობას, რომელიც მოუთმენლად ელის სკოლაში წასვლას და თავის პირველ მასწავლებელთან შეხვედრას, დედას კი ვირტუალურ საკლასო ოთახში “შეყავს“, კომპიუტერის მონიტორზე გამოჩენილ მომღიმარ ქალბატონზე მიუთითებს და ეუბნება, რომ ის მისი მასწავლებელია, ადვილი მისახვედრი იქნება, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს მისი სასკოლო სწავლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ 1-2 თვის შემდეგ ის სკოლის შენობაში, რეალურ საკლასო ოთახში გადაინაცვლებს და იქ გააგრძელებს სწავლას. თუმცა, ვფიქრობ არც იმის თქმა შეიძლება, რომ დღეს, როცა პირველკლასელი, ასე თუ ისე შეგუებულია სასკოლო სწავლებას და მოსწავლის როლს, ონლაინ გაკვეთილებზე მასთან ურთიერთობისას მასწავლებელს ნაკლები სირთულეები ხვდება.
ძირითადი სირთულეები პირველკლასელთა დისტანციურ სწავლებაში:
- იმის გამო, რომ ონლაინ სწავლებისას პირველკლასელის მიერ კომპიუტერთან გატარებული დრო, მაშინაც კი, თუ თითოეული გაკვეთილი მხოლოდ 15-20 წუთი გრძელდება, სრულ შეუსაბამობაშია მეცნიერულად დადგენილ ნორმებთან, ადვილი შესაძლებელია ბავშვი გადაიღალოს და უარი განაცხადოს საგაკვეთილო პროცესში ჩართვაზე, ან საერთოდ დაკარგოს სწავლის მიმართ ინტერესი;
- რადგანაც პირველკლასელი ჯერ კიდევ ისე არ არის დაუფლებული კომპიუტერული ტექნიკის მოხმარებას, რომ დამოუკიდებლად შეძლოს ონლაინ სწავლების პროცესში მთელი რიგი ოპერაციების განხორციელება – ჯგუფში ჩართვა, ჯგუფიდან გამოსვლა, მასწავლებლის მიერ გამოგზავნილი დავალების მიღება, შესრულებული დავალების პედაგოგისათვის გაგზავნა, ამასთან, შეცვლილ სასწალო გარემოში შეიძლება პატარა მთლად კომფორტულად ვერ გრძნობდეს თავს, მშობელი იძულებული ხდება გვერდით მოუჯდეს და ყოველ საჭირო შემთხვევაში აღმოუჩინოს დახმარება. თუ ასეთი ერთობლივი მონაწილეობა საგაკვეთილო პროცესში დიდხანს გაგრძელდება, ადვილი შესაძლებელია რეალურ საკლასო ოთახში დაბრუნებულ ბავშვს გაუჭირდეს სასწავლო პროცესში მშობლის გარეშე ჩართვა;
- პირველკლასელის დიდი სურვილია, რომ მასწავლებელი მხოლოდ მას “ეკუთვნოდეს“, მისით იყოს დაკავებული, მას ესაუბრებოდეს. როგორც კი ის სხვა ბავშვისკენ გადართავს ყურადღებას, პატარა ცდილობს შეკითხვების დასმით ისევ თავისკენ “შემოაბრუნოს“ პედაგოგი. თავისთავად ცხადია, რომ ონლაინ გაკვეთილზე ვერცერთი პედაგოგი ვერ შეძლებს თითოეული ბავშვისთვის იმდენი ყურადღების დათმობას, რამდენსაც ის მოითხოვს მისგან, მითუმეტეს, რომ ამ სასწავლო გარემოში ის არავერბალური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებაშიც საკმაოდ შეზღუდულია. მასწავლებლის ერთგვარი “უყურადღებობით“ განაწყენებულმა ბავშვმა კი შეიძლება უკმაყოფილება იმით გამოხატოს, რომ საერთოდ გამოეთიშოს საგაკვეთილო პროცესს;
- გამომდინარე იქიდან, რომ პირველკლასელის აზროვნება თვალსაჩინო-ხატოვანია, სწავლების პროცესში პედაგოგს, როგორც წესი, უწევს მრავალფეროვანი თვალსაჩინო მასალის გამოყენება. თუმცა, ონლაინ გაკვეთილებზე თვალსაჩინოებების გამოყენებაში ის საკმაოდ შეზღუდულია. ბევრი პედაგოგისთვის ამ დროს საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს Power point-ში მომზადებული საპრეზენტაციო მასალის ან ვიდეოფილმების ჩვენება, მაგრამ, იმის გამო, რომ საპრეზენტაციო მასალის ეკრანზე გამოჩენას თან სდევს ბავშვის მხედველობის არედან მასწავლებლის გამოსახულების გაქრობა, რადგანაც პედაგოგის მითითებით მთელი ყურადღება მან ამ დროს სწორედ საპრეზენტაციო მასალაზე უნდა გადაიტანოს, ბავშვისთვის ამგვარად წარმართული გაკვეთილი, მითუმეტეს, თუ პრეზენტაცია დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება მთლად საინტერესო არ აღმოჩნდეს და ვირტუალური საკლასო ოთახიდან გასვლაც კი მოისურვოს.
რეკომენდაციები პირველკლასელთა ონლაინ სწავლებაში არსებული სირთულეების დასაძლევად:
- კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების უარყოფითი გავლენისაგან ბავშვის დასაცავად კარგი იქნება, თუ მას ელექტრონულად შესასრულებელ საშინაო დავალებას არ მივცემთ და არ ვაიძულებთ, რომ გაკვეთილების შემდეგაც კომპიუტერთან იჯდეს. აუცილებელია მშობელმა იზრუნოს, რომ ონლაინ გაკვეთილების დასრულების შემდეგ ბავშვი დაკავდეს მისთვის საინტერესო საქმიანობით – ხატვით, ძერწვით, ვარჯიშით, მშობლებთან ურთიერთობით, მასთან საუბრით, თამაშით, სეირნობით;
- მოვერიდოთ მთელი გაკვეთილის განმავლობაში ბავშვის გვერდით ჯდომას; ვიზრუნოთ მასში დამოუკიდებლად სწავლის, დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. ვასწავლოთ უმარტივესი ოპერაციების (ჯგუფში ჩართვა, ჯგუფიდან გამოსვლა, მიკროფონის, ვიდეო-კამერის ჩართვა-გამორთვა) შესრულება და მივცეთ საშუალება ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი დახმარების გარეშე გააკეთოს ეს ყველაფერი. წარმატების შემთხვევაში კი არ დაგვავიწყდეს შექება და დადებითი კომენტარების გამოყენება ბავშვის მიღწევების დასაფიქსირებლად და აღსანიშნად;
- არ არის სასურველი, რომ ონლაინ გაკვეთილი ბავშვთან პირდაპირ სასწავლო მასალის გადაცემით დავიწყოთ. გავითვალისწინოთ, რომ პატარა მონატრებულია მასწავლებელთან ურთიერთობას. კარგი იქნება, თუ გაკვეთილის დასაწყისში რამდენიმე წუთს დავუთმობთ ბავშვს, რომ მან თავისი წინა დღის შთაბეჭდილებები გაგვიზიაროს. მართალია, ასეთ საუბარზე დროის დაკარგვამ შეიძლება მასწავლებელს სასწავლო მასალის სრულყოფილად გადაცემაში ხელი შეუშალოს, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ამის აღდგენა მომავალში რეალურ სასკოლო გარემოში ჩატარებულ გაკვეთილზეც შეიძლება. პედაგოგთან და თანატოლებთან ურთიერთობის დეფიციტის პირობებში სოციალურ და ემოციურ განვითარებაში დაფიქსირებული გართულებების დაძლევა კი მომავალში მერწმუნეთ ბევრად უფრო რთული იქნება. ამასთან, ისიც გავითვალისწინოთ, რომ სკოლის უმთავრესი მიზანი სწავლის სწავლებაა და არა უზომო ინფორმაციით ბავშვის გონების ამოვსება, მითუმეტეს, რომ ბავშვის მეხსიერება ყველაფერს მაინც ვერ დაიტევს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი მოცულობა ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე მოზრდილი ადამიანის მეხსიერების მოცულობა. ამდენად, კარგი იქნება, თუ ონლაინ სწავლებისას ბავშვთან ემოციურ ურთიერთობებსაც გარკვეულ დროს დავუთმობთ. იქნებ ეს უფრო მეტის მიმცემი იყოს მისთვის, ვიდრე კიდევ ერთი ახალი ტექსტის წაკითხვა. ვფიქრობ, მასწავლებელიც დაცული უნდა იყოს იმისაგან, რომ დროში ისედაც შემცირებულ გაკვეთილზე ასეთი გადახვევების გამო მშობლების და ხელმძღვანელობის რისხვას და საყვედურებს არ დაიმსახურებს. თუმცა, როცა დისტანციურ სწავლებაზე გადავდიოდით, ალბათ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ მთელი რიგი მიზეზები გამო, ონლაინ გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმით გაწერილი პროგრამის სრულყოფილად გავლის საშუალებას არ მოგვცემდა და ის გარკვეულ ადაპტირებას საჭიროებდა.
დაბოლოს, ვფიქრობ, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება და გამოყენება ოდნავ მაინც შეამცირებს იმ სირთულეებს, რომლებიც პირველკლასელთა მასწავლებლებს ყოველდღიურად ხვდებათ ონლაინ რეჟიმში სწავლების პროცესში.