თარგმნის საერთაშორისო დღე

კარლ სენდბერგი

ნისლი

ნელა მოიწევს, კატასავით –

უჩუმრად ნისლი,

შემაღლებიდან გადმოჰყურებს

პორტსა და ქალაქს.

და სანაპიროს ბილიკები – იქვე მჩუმარედ –

ელოდებიან, ნისლიც მოდის – საცაა შთანთქავს..

თარგმნა გიორგი მაჭარაშვილმა

 

რას ნიშნავს შენთვის თარგმნარა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში?

თარგმნა ქმნად რეალობაში ცხოვრების გახანგრძლივების ერთგვარი ფორმაა. თუკი მოვახერხებთ ამგვარ რეალობაში დიდხანს შეყოვნებას, ჩვენ შევძლებთ მიახლოებას იმ იდეასთან, რასაც აქ და ახლა ცხოვრება მოიაზრებს. სწორედ ამიტომ არის, ალბათ, რომ არც ერთი თარგმანი წერტილის დასმისთანავე არ სრულდება. ის იქამდე აგრძელებს არსებობას, სანამ ერთი ადამიანი მაინც არსებობს, რომელსაც ამ ნაწერის წაკითხვა შეუძლია.

რა იყო შენი პირველი თარგმანიდა რატომ გადაწყვიტესაერთოდაცამ საქმიანობისთვის ხელის მოკიდება?

პირველად რობერტ ჰაინლაინის ნაწარმოები, “დიდი მორიგეობა“ ვთარგმნე, რომელიც ფანტასტიკური ბიბლიოთეკის სერიის ერთ-ერთ კრებულში დაიბეჭდა(წიგნს “კაცი, რომელმაც გაყიდა მთვარე“ ჰქვია, გამოიცა გამომცემლობა “წიგნები ბათუმშის“ მიერ). ამ გამომცემლობამ მომცა შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი გამომეცადა ახალ სფეროში. მაშინ 15-16 წლის ვიყავი და ჩემთვის ეს შანსი ბევრს ნიშნავდა. თარგმნა ამ ამბებამდე ცოტა ხნით ადრე დავიწყე, თუმცა ეს საკმაოდ ვრცელი ისტორიაა. მოკლედ ის შემიძლია ვთქვა, რომ ახალი გამოწვევის ძიებამ და ლიტერატურისადმი ინტერესმა მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.

ვინ არიან ის ავტორებირომლებსაც ყველაზე ხშირად თარგმნი? შენს სამუშაო მაგიდაზე ვისი წიგნები დევს?

ასე გადაჭრით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. იყო დრო კარლ სენდბერგით ვიყავი გატაცებული და მისი რამდენიმე ლექსიც ვთარგმნე, მანამდე იყო რიჩარდ რაიტის ჰაიკუები… თარგმანში ძირითადად განსხვავებულ გამოცდილებას ვეძებ, ამიტომ ერთსა და იმავე ავტორთან დიდხანს იშვიათად ვჩერდები. სწორედ ამიტომაცაა, რომ ჩემს სამუშაო მაგიდაზე სხვადასხვა ავტორის წიგნი მონაცვლეობს. ცოტა ხნის წინ ლიტერატურულ ჟურნალ “არილში“ გამოქვეყნდა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდისა და ზელდა სეირის პირადი მიმოწერა, რომელსაც 3 კვირის განმავლობაში ვთარგმნიდი. აღნიშნულ წერილების კრებულს საკმაოდ ხშირად ვუბრუნდები ხოლმე. ამჟამად სამუშაო სივრცე მიშელ დე მონტენის “ესეებსა“ და ბორხესის ლექციათა კრებულს აქვს დაკავებული.

რომელია ის ნაწარმოებირომლის თარგმნის სურვილიც გაქვსმაგრამ ჯერ ვერ ბედავრა გაბრკოლებს მის გადასათარგმნად?

თომას ვულფის ნებისმიერ რომანს ვთარგმნიდი დიდი სიამოვნებით. მგონია, რომ ამ ავტორის გადასათარგმნად უდიდესი ძალისხმევა და ოსტატობაა საჭირო. ეს ის მწერალია, რომელიც მთარგმნელისგან დიდ გამოცდილებას მოითხოვს. დაბრკოლებები ბევრია, თუნდაც ის, რომ მას სწორი ხმის პოვნა სჭირდება და რაც მთავარია დიდი დრო. ვერ ვიტყვი, რომ მთარგმნელს რაიმეს გაბედვის უნდა ეშინოდეს, თუმცა ერთი რამ  სულ თავში უნდა უტრიალებდეს: თუკი რაიმეს მოკიდებ ხელს, მაშინ ვალდებულიც ხარ რომ მისთვის ბოლომდე დაიხარჯო.

შენი აზრითრომელია შენი საუკეთესო თარგმანი?

რთული კითხვაა, მხოლოდ იმიტომ, რომ მთარგმნელი მეტწილად თავისი ნაშრომით არასდროსაა კმაყოფილი. გადის წლები და როცა უყურებ საკუთარ თარგმანებს, ყოველთვის გრჩება განცდა, რომ რაღაც უკეთ შეგეძლო კიდევ. მე მგონია, რომ საუკეთესო თარგმანი არ მაქვს და იმედი მაქვს შორეულ მომავალში მექნება. ვინაიდან, როცა ვსაუბრობთ, რომ ჩვენ რაღაც საუკეთესოდ გამოგვივიდა, გამოდის, რომ ამით წარსულიდან გამოვარჩევთ რომელიმე კონკრეტულ ნაწერს და მას სხვებზე წინ ვაყენებთ. მიმაჩნია, რომ საამისოდ არც ისე ბევრი რამ მაქვს ნათარგმნი, რომ მსგავსი არჩევანის გაკეთება შევძლო. ეს ერთი მხრივ კარგიცაა. გამოდის, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ესეც დამატებითი გამოწვევა მომავლისთვის.

Share on: