მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია "სკოლა ეკოლოგიისათვის“ ქ. ბერლინში

უკვე მესამე წელია  ქ. მოსკოვის გოეთეს ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ტარდება მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია “სკოლა ეკოლოგიისათვის“. პროექტის მხარდამჭერები არიან:  ვენის აგრარული უნივერსიტეტი (ავსტრია), ბრემენის უნივერსიტეტიბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიტექნიკური უნივერსიტეტი “კოტბუსი“(გერმანია)  და გერმანიის საგარეო სამინისტრო.

მიმდინარე წელს აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად  “ევროპული სკოლის” მე-8 კლასელმა მოსწავლეებმა ელენე ჯოხაძემ, ჯარჯი სვანიშვილმა და თორნიკე ყუბანეიშვილმა გერმანული ენის მასწავლებლის მთავრისა ბუსკივაძისა და ქიმიის მასწავლებლის, ხათუნა კაპანაძის, ხელმძღვანელობით მოამზადეს პროექტი “მეორედი ქაღალდი საკუთარი ხელებით“, რომელმაც გაიმარჯვა კონფერენციის 300 მონაწილეს შორის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ და მიწვეულ იქნა კონფერენციის დასკვნით ეტაპზე ქ. ბერლინში სხვა 12 მონაწილესთან ერთად.

7-10 აპრილს მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ქალაქ ბერლინში, სადაც ჩატარდა გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია. ასევე მათ მონაწილეობა მიიღეს სემინარებსა და დისკუსიებში. შეადგინეს მანიფესტი, რომლითაც მსოფლიოს მოუწოდეს იზრუნონ ეკოლოგიისათვის. ჩვენი სკოლის გუნდი დაჯილდოვდა წარმატებული მონაწილის სერტიფიკატით.

სასიამოვნოა ისიც, რომ “ევროპული სკოლის“ გერმანული ენის მასწავლებელი მთავრისა ბუსკივაძე კონფერენციის ჟიურიმ დაასახელა გერმანულ ენაზე საუკეთესოდ მოსაუბრე მასწავლებელად.

ვულოცავთ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამარჯვებას საერთაშორისო სარბიელზე და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!

Share on: