ქართული ენის კვირეული "ევროპულ სკოლაში“

ლურჯი აპრილი,  ქართული სიტყვით აყვავებული ნატვრის ხე.

  დღე პირველი  – სულმნათი შოთა  ეგებება “ევროპული სკოლის“ ბავშვებს  და … მოგზაურობა  იწყება. ძველი ხელნაწერების გამოფენა იმ ეპოქაში გვაბრუნებს, რომელიც გვასწავლის:  “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“.

ძნელია შეაღო ის კარი, რომელიც შოთას ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებს. “ევროპული სკოლის“ მე-8 კლასელებმა  კი ეს შეძლეს.  მათი ხედვა რომ  ძალიან ორიგინალური და თანამედროვეა, ამაში მაშინ დავრწმუნდით, როცა   ჩრდილების საშუალებით  გააცოცხლეს “ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდები.

პატარებმა, მე-6 კლასის მოსწავლეებმა,   ყველაზე პატარებს ზღაპარი უამბეს, თუ როგორ  გაამეფა ქალიშვილი არაბეთში როსტევანმა.

თუ თქვენ   შოთა რუსთაველის ეპოქა, მისი  როლი და ადგილი გაინტერესებთ მსოფლიო კულტურაში, ჩვენი მოსწავლეები ამაზეც ძალიან საინტერესოდ მსჯელობენ.

  დღე მეორე ილია …  ისევ გაისმის  “ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ და ემოციით  დამუხტულები ვიწყებთ დღეს, რომელიც ილიას ღვაწლს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს. სკოლის კედლებიდან ილიას ფოტოები შემოგვცქერიან და თითქოს მოგვიწოდებენ: უპატრონეთ სამშობლოს, მომავალი ხომ თქვენია.

ინოვაციური მიდგომის გარეშე რომ გაკვეთილი საინტერესო ვერ იქნება, ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს “კაცია-ადამიანის“  პერსონაჟებმა. ისინი  გვიამბობდნენ თავიანთ ისტორიას და კარგად წარმოაჩენდნენ იმ ქვეტექსტს, რომელიც ხშირად ჩვეულებრივი მკითხველისათვის დაფარულია, მე-7 კლასელებმა კი ეს შეძლეს.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები თარგმანის ხელოვნებასაც ეუფლებიან. მათ ილიას  მოთხრობის “სარჩობელაზედ“ ლიტერატურული ინტერპრეტაციები შემაგვთავაზეს.

  დღე მესამეაკაკი …  “სულიკო“, ყველა თაობისათვის ნაცნობი და ახლობელი, ჯერ სტრიქონებად და შემდეგ  სიმღერად ქცეული პოეტის სულის ამოძახილი.

აკაკი აღმზრდელი და “გამზრდელი“. თურმე “ევროპული სკოლის“  პედაგოგებსაც აქვთ იარაღი მომზადებული  თავის დასასჯელად, თუ მათი მოსწავლეები ღირსეულ პიროვნებებად არ ჩამოყალიბდებიან.

ლიტერატურა, ისტორია და კინოხელოვნება – ინტერპრეტაციები ინტეგრირებულად. ასე ბევრად უფრო საინტერესო და სახალისოა აკაკის “ბაში- აჩუკის“ შესწავლა მე-8 კლასში.

ენამოსწრებული აკაკი და მისი ნაკვესები ხომ ცალკე თემაა, ჰოდა სწორედ ამ  თემას შეეჭიდნენ AHS -ის  მე-11 კლასის  მოსწავლეები და შესანიშნავადაც გაართვეს თავი.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა შესანიშნავი დეკორაციები. ისმოდა   აკაკის  ირონითა და ზოგჯერ სარკაზმით შეზავებული სიტყვები,  დარბაზი იცინოდა და თაობებს შორის თითქოს  ზღვარი წაიშალა.

  დღე მეოთხე ვაჟა... სკოლაში შემოსულ მოსწავლეებს ქართული ტაბლით მიეგებნენ მე-11 კლასის მოსწავლეები და ვაჟას ძარღვიანი სიტყვით დალოცეს.

ვაჟა ხომ ამოუცნობი ფენომენია და ამიტომაც წარმოადგინეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა მწერლის საკრალურ სახეთა პანორამა.  მათი მსჯელობა, ღრმა ანალიზი და  დასკვნები გვარწმუნებს, რომ  ჩვენმა აღსაზრდელებმა ფიქრი ისწავლეს.

სად უნდა მოუსმინო ბუნებას, თუ არა “ევროპული სკოლის“ ორანჟერეაში. MYP -ის მოსწავლეებმა მოუსმინეს და მისი სატკივარი  ჩვენც გაგვიზიარეს.

“სიმღერებად ქცეული ლექსები“ – საღამო, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ მათ, ვინც პატარა ბიჭების დაჭიმული ძარღვები დაინახეს,  ჩემო კარგო ქვეყანაო, რომ მღეროდნენ.  მღეროდნენ მასწავლებლები და მოსწავლეები, თავისი თბილი ხმით გვატკბობდა მოწვეული სტუმარი, დათო  არჩვაძე. წაიშალა ზღვარი მაყურებელსა და შემსრულებლებს შორის და ყველა ერთად ამღერდა.

  დღე მეხუთე – “როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი“.  ვერხვის ფოთოლთა შრიალად იღვრება გალაკტიონის სტრიქონები.

ჩემი, შენი, მისი გალაკტიონი – ინტერპრეტეციები. ოცნება, მიახლოება და გარდასახვა  – ასე დაგვანახეს IB-ის მე-12 კლასელებმა თავიანთი გალაკტიონი.

ყველაფერი სრულდება…. და ეს მშვენიერი დღეებიც დასრულდა   ლიტერატურული კომპოზიციით: ტიციანი, გალაკტიონი და მუზები“, რომელიც მე-12  კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. იმ დროის ყველაზე ლამაზი ქალბატონები, ტიციანი და გალაკტიონი, დიდებული ტანგო,  დიდებულად შესრულებული ქართული და დიდებული პოეზია… და ცრემლები, ცრემლები სიხარულისა – ყველაზე  დიდი ჯილდო.

დიდი მადლობა მოწვეულ სტუმრებს, რომელთაც  თითოეული დღე განსაკუთრებული გახადეს: ქალბატონ მაია ჯალიაშვილს, ბატონ ლევან ბერძენიშვილს, ბატონ თამაზ ვასაძეს, ბატონ ირაკლი ტაბლიაშვილს და, რა თქმა უნდა, “ევროპული სკოლის“ დიდ მიჭირნახულეს,  ბატონ თამაზ კვაჭანტირაძეს.

 

Share on: