“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის ასამბლეა

დისტანციური სწავლების დასასრულს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის დაწყებით საფეხურზე ასამბლეა ჩატარდა. თემების შეჯამებისა და წარდგენის ფორმა მოსწავლეებისთვის უცხო არ არის, თუმცა ონლაინ პრეზენტაციები, მოწვეული სტუმრები, ცოცხალი ჩართვები, პერსონალური პროექტის წარდგენა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალისთვის მზადება გვაფიქრებდა იმაზე, თუ რამდენად უხარვეზოდ ჩაივლიდა პროცესი.

პედაგოგთა და მოსწავლეთა მაღალი მოტივაციის, თავდაუზოგავი შრომის შედეგად ასამბლეა წარმატებით ჩატარდა. ერთმანეთს ენაცვლებოდა კლასების მიერ წარდგენილი საინტერესო თემები.რუბრიკიდან “ჩემი სკოლა“ I-ა კლასის ბავშვებმა წარადგინეს ნამუშევარი-“ჩემი საყვარელი ადგილი ევროპულ სკოლაში“ , II-ბ კლასის მოსწავლეებმა კლასის გერბი შექმნეს და მასში სიმბოლოების სახით კლასის მახასიათებლები გამოხატეს.გლობალური მოქალაქის ჩამოყალიბება სასაწავლო კურიკულუმის, სკოლის მისიის ძირითადი მიმართულებაა. სამოქმედო და თემატურ გეგმებში გააზრებული გვქონდა სტრატეგიები, თემები , რომლებიც მოსწავლეებში სწორედ ამ კომპეტენციის განვითარების საშუალებას გვაძლევდა.

ასამბლეაზე წარდგენილი იყო შემდეგი თემები:სოციალური ხასიათის პროექტი- “კომუნიკაცია“. მესამეკლასელებმა 203-ე საჯარო სკოლის სმენადაქვეითებულ ბავშვებთან ერთად იმუშავეს , კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმებს გაეცნენ და ერთმანეთში გააზიარეს. ერთობლივად შექმნეს პატარა ნახატი ფილმი, რომელსაც ჟესტების ენით სმენადაქვეითებული ბავშვები ახმოვანებდნენ. ასამბლეაზე სტუმრად ჩავრთეთ პროექტში მონაწილე 203 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ბავშვებმა ასამბლეაზე წარდგენილი პრეზენტაციებით დაგვანახეს, რომ შეძლეს ადგილობრივი და გლობალური კავშირების დანახვა და საკუთარ შეხედულებებზე , ღირებულებებზე მსჯელობა. ამის მაგალითი იყო მე-2 ა კლასის თემა “მე და ჩემი მეგობარი“ და ასევე მე-2 გ კლასის პრეზენტაცია “მეორადი ნარჩენების გადამუშავება“.

რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ჯანმრთელობა, რას ნიშნავს ჯანმრთელი ცხოვრების წესი? ამ თემის გარშემო მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ბუნების მასწავლებელ ასმათ ახვლედიანთან ერთად იმუშავეს საკითხზე , რომელიც წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით და პირადი გამოცდილების ამსახველი ვიდეოებიც ჩაწერეს.

ასამბლეაზე მეხუთე კლასელების თემებს “კარგად გავეცნოთ გარემომცველ სამყაროს“ ქ-ნმა მანანა ჟამურაშვილმა უხელმძღვანელა.მესამე კლასის მოსწავლე მელინა სავიდუმ კი საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით პედაგოგ მაია ჯოხაძის ხელმძღვანელობით პერსონალური პროექტი წარადგინა.ასამბლეის დასასრულს პედაგოგებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების წარმატებით დასრულებისთვის სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

Share on: