პირველი დღე სკოლაში
დღეს ,,ევროპულმა სკოლამ” სამივე შენობაში ფართოდ გაუღო კარი მოსწავლეებს და აღნიშნა კიდევ ერთი საინტერესო, სასწავლო მოგზაურობის დაწყება.
შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა პირველკლასელებისთვის, რომლებსაც ოჩოფეხებზე მოსიარულე ანიმატორები ეგებებოდნენ. დრამერების მიერ შესრულებული მაჟორული მუსიკა და სკოლის ჰიმნის ჰანგები კიდევ უფრო აძლიერებდა საზეიმო განწყობას. შთამაგონებელი იყო უწყვეტი სწავლისა და წარმატებისკენ სწრაფვის გამოსახატად, ტრადიციისამებრ, ორი პირველკლასელის მიერ განათლების ჩირაღდნის შემოტანა და ცოდნის ლამპრის სიმბოლურად ანთება.
B და C შენობებში უფროსკლასელებმა სასწავლო წელი ასამბლეებით დაიწყეს, მოტივაცია აიმაღლეს და ამბიციური მიზნები დასახეს.
“ევროპული სკოლა“ ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და ოჯახს წარმატებულ, სიხარულითა და შთაგონებით სავსე ახალ სასწავლო წელს უსურვებს!