სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების ლაბორატორია

სკოლაში მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების ლაბორატორია.
ლაბორატორიის საქმიანობა პასუხობს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე ცვლილებებსა და გამოწვევებს, განსაზღვრავს მასწავლებელთა პროფესიულ საჭიროებებს და ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებაზე, ადგენს მოსწავლეთა სასწავლო მოთხოვნილებებს, განსაზღვრავს მათ შესაძლებლობებს. ლაბორატორიაში მოქმედებს მონიტორინგისა და შეფასების ეფექტური და გამჭვირვალე სისტემა. ამ სისტემის ნაწილია ხარისხის განვითარების ჯგუფის მუშაობა, რომელიც მიმართულია სკოლისა და მასწავლებლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენაზე. ჯგუფს აქვს მუდმივი მზაობა აღმოუჩინოს მასწავლებელს მაქსიმალური დახმარება არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრაში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ურთიერთდახმარებისა და ურთიერთთანამშრომლობის კულტურის განვითარებას. ლაბორატორია უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზება-ჩატარებას. პედაგოგთა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით სისტემატურად ატარებს სხვადასხვა შინაარსის ტრენინგს, რომლებსაც უძღვებიან როგორც მოწვეული, ასევე ევროპული სკოლის მწვრთნელი პედაგოგები.
მასწავლებლები იზიარებენ სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოცდილებას, ნერგავენ მათ სასწავლო პროცესში. ლაბორატორიაში მუდმივად ხდება გაკვეთილების გეგმების განხილვა, მათი კორექტირება და შემდგომ ამ გეგმების რეალიზება საგაკვეთილო პროცესში. ამ ნაშრომებით იქმნება სკოლის საგაკვეთილო გეგმების ბანკი.
ლაბორატორია პერმანენტულად ახდენს სასწავლო პროცესის მონიტორინგს, მონიტორინგის შედეგების დამუშავებას და შედეგებიდან გამომდინარე შესაბამის საგნობრივ კათედრებსა და დირექციას წარუდგენს სამომავლო რეკომენდაციებს. ამასთან ლაბორატორიის მუშაობა ეფუძნება “კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტის ფარგლებში პედაგოგების ურთიერთდასწრებას და მათი ერთობლივი მუშაობის შედეგებს.
სასწავლო წლის ბოლოს მიღწეული შედეგები განსაზღვრავს ლაბორატორიის მუშაობის სამომავლო სტრატეგიას.