გიორგი დარჩიძის პერსონალური პროექტი “მდგრადი სკოლის მაკეტი“
“ევროპული სკოლის“ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის MYP 10 კლასის მოსწავლემ, გიორგი დარჩიძემ, პერსონალური პროექტის ფარგლებში შექმნა “მდგრადი სკოლის სადემონსტრაციო მაკეტი“. გიორგი აჭარიდანაა და პროექტის მიზნის შერჩევისა და თემის საჭიროების შესწავლისას გაითვალისწინა ორი ფაქტორი: არაჩვეულებრივი ლანდშაფტი არ უნდა მახინჯდებოდეს და ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი ადგილობრივებისთვისაც სამაგალითო უნდა იყოს.
ენერგოეფექტურობა, გარემოსთან ადაპტაცია, ლანდშაფტის ადეკვატური გამოყენება და ეკოლოგიურად სუფთა შენობა არის ის, რაც მომავალზე მეოცნებე საზოგადოებას სჭირდება. გიორგის აზრით, ცნობიერების ამაღლება/ცვლილება სკოლიდან უნდა დაიწყოს და მთავარი ცვლილება თავად სკოლა უნდა იყოს. ამიტომ სამიზნე ობიექტად შეარჩია აჭარის რეგიონი, კერძოდ, დაბა შუახევის საჯარო სკოლა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.
გიორგიმ შეისწავლა მდგრადი (მწვანე) მშენებლობის სპეციფიკა და შექმნა შუახევის მდგრადი სკოლის 3D მაკეტი, რომლის პრეზენტაცია 12 მარტს გაიმართა აჭარის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ განათლების სამინისტროსა და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები. მათ მოიწონეს პროექტი და აღნიშნეს, რომ ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, როცა 15 წლის მოზარდი ასეთ გლობალურ საკითხებზე ფიქრობს და ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს მის გადაჭრაში.