საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დღე “ევროპულ სკოლაში”
20 აპრილს, IB-ის 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულმა სკოლამ“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დღეს უმასპინძლა.
მეცნიერებათა დღე დილიდანვე აქტიურად და უჩვეულ გარემოში დაიწყო. ქიმიური ელემენტების ცნობილი სიმღერის ფონზე, მე-10 კლასის მოსწავლეები, დავით გრიგოლია, მიშა ფრუიძე, ანა ახალაია და ნინი დაგარგულია, ხელოვნური სისხლის ჭრილობის იმიტაციით ხვდებოდნენ მოსულ სტუმრებს, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ღია გაკვეთილები სხვადასხვა თემაზე: “დედამიწა და გარე სამყარო,“ “ნიოსი – მკვლელი ტბა,” “დნობა და დუღილი,“ “სამყაროს კლასიფიკაცია,“ “ქიმიური რეაქციის სიჩქარე,“ “აფრიკისა და ავსტრალიის ბინადრები” და ა.შ. გარდა ამისა, მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია თემაზე: “ძილი და სიზმარი;“ ჩატარდა სადემონსტრაციო ცდები ფიზიკაში, რაც ემსახურებოდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების დაინტერესებას საბუნებისმეტყველო საგნებით.
სანახაობრივი იყო სკოლის შიდა ეზოც, სადაც მოეწყო ქიმიური შოუ; მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, მიერთვათ თხევად აზოტში გაყინული ბურბუშელები, დამწვრობის გარეშე ხელებზე ცეცხლი აეალებინათ, ენახათ სხვადასხვა ფერის გიგანტური ქაფების ამოფრქვევა და გამოეყენებინათ სხვადასხვა ფიზიკური ხელსაწყოები.
დღე დაასრულა ქართული პროგრამის საბაზო და საშუალო საფეხურის ასამბლეამ. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტები, მუსიკალური ნომრები, სპექტაკლები.