ამერიკის ელჩის ვიზიტი
31 მარტს ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, უმასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს და კულტურისა და განათლების საკითხების ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს.
ღონისძიებზე მოსწავლეებმა წარადგინეს აშშ-საქართველოს ურთიერთობისადმი მიძღვნილ გაზეთში მათ მიერ გამოქვეყნებული სტატიები, ისაუბრეს ქართველი და ამერიკელი ხალხის საერთო ღირებულებზე, ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე, რაც თავისუფლებისა და მშვიდობის გასაღებია. გამომსვლელებმა შეადარეს ორი ქვეყნის განათლების სისტემა, ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, დამსწრეებს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები ამერიკის შესახებ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის საელჩოს გაცვლითი პროგრამების ყოფილი მონაწილეები: “ევროპული სკოლის“ დირექტორი სოფიო ბაზაძე, ამერიკული უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი ირმა ბარბაქაძე, მოსწავლეთა საზოგადოებრივი ჩართულობის კოორდინატორი მარიამ ხატიაშვილი. მათ ისაუბრეს აშშ-ში შეძენილი გამოცდილების მნიშვნელობაზე, მის გამოყენებაზე “ევროპული სკოლისა“ თუ ამერიკული უმაღლესი სკოლის განვითარების, მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამდიდრების კუთხით.
პრეზენტაციების შემდეგ კელი დეგნანმა დაათვალიერა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა აშშ-საქართველოს ურთიერთობას. დასასრულს საპატიო სტუმარმა უპასუხა ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლის შეკითხვებს.