საზოგადოებრივ მეცნიერებათა დღე “ევროპულ სკოლაში“

27 აპრილს, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილიღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ საზოგადოებრივ მეცნიერებათა დღე გაიმართა. სკოლამ უმასპინძლა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას, პროექტსა და ღია გაკვეთილს.

ქართული პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი – “ფოტოებით გაცოცხლებული ისტორია.“ ფოტოების მეშვეობით, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს სახელმწიფოების დაარსების, ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპები.

ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს დებატებში სათაურით – “გეორგიევსკის ტრაქტატის ალტერნატივა,“ წამოაყენეს არგუმენტები და ისტორიული მოვლენები სხვადასხვა კუთხით შეაფასეს.

ქართული პროგრამის მე-6 კლასის მოსწავლეებს გეოგრაფიაში ჩაუტარდათ ღია გაკვეთილი, რომლის ფარგლებშიც გამოიმუშავეს რუკაზე მუშაობის უნარ-ჩვევები.

დღის ბოლოს “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზი დაეთმო იმიტირებულ სასამართლო პროცესს. სასამართლო პროცესზე მოსწავლეებმა მოირგეს მოსამართლის, პროკურორისა და ადვოკატის როლები და განიხილეს რეალური ფაქტები საქართველოს ისტორიიდან. სასამართლო პროცესი შესაბამისი ვერდიქტის გამოტანით დასრულდა.

Share on: