ახალი ამბები

ექსკურსია ყვარელში ღვინის გვირაბში

27 Oct 2018

ჩვენი სკოლის IB პროგრამის მე-7 კლასელები ყვარელში ძველ ღვინის გვირაბს ესტუმრნენ. მათ ჩაუტარდათ ტური ქართული ტრადიციული მეღვინეობის შესახებ და რეგიონის კულტურულ მიმოხილვასაც გაეცნენ. ამის შემდეგ, მათ საკუთარი ხელით ამოავლეს ჩურჩხელები და გამოაცხვეს თონის პური. ამ ვიზიტის მიზანი იყო ჩვენი მოსწავლეებისათვის პირადი და კულტურული გამოხატულების საშუალებების უკეთ გაცნობა.

ჩვენი მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის

27 Oct 2018

ჯანსაღი ცხოვრების წესი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ჩვენი სკოლის IB-ს დაწყებითი სწავლების პროგრამაში. მოსწავლეები თავიდანვე ეჩვევიან ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების ერთმანეთისაგან გარჩევას, ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობასა და ბუნებაში, სუფთა ჰაერზე ყოფნის აუცილებლობას. მათ მიერ მიღებული ცოდნა რომ მხოლოდ სკოლის კედლებში არ დარჩენილიყო, გადავწყვიტეთ საინფორმაციო მარათონი მოგვეწყო კუს ტბის გარშემო. პატარებმა თავისი წვლილი შეიტანეს ამ თემაზე ცნობიერების ამაღლებაში და კუს ტბის ვიზიტორები ხილთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ რჩევებითა და საინფორმაციო ფლაერებით დაასაჩუქრეს.

გამოფენა "უცნობი თბილისი" და გასეირნება თბილისის ისტორიულ ნაწილში

26 Oct 2018

ამერიკული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინტეგრირებული (მათემატიკა-ლიტერატურა) გასვლითი გაკვეთილი. ისინი ესტუმრნენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიმდინარე ფოტოგამოფენას "უცნობი თბილისი" და გაეცნენ დედაქალაქის ღირსშესანიშნავი შენობების ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობას. გამოფენაზე თითოეულმა მოსწავლემ შეარჩია მისთვის საინტერესო შენობა და დაგეგმა ობიექტთან მისასვლელი მარშრუტი (გაკვეთილის თემა: მარშრუტის ოპტიმიზაცია დროის ეკონომიის მიზნით.). მათ მიერვე შედგენილი გეგმის მიხედვით, გაკვეთილის ფინალურ ნაწილში მოსწავლეებმა გაისეირნეს თბილისის ულამაზეს ქუჩებში.

სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები ჩვენს ბაღში

26 Oct 2018

ჩვენი ბაღის ქართული სექტორის მოსამზადებელი ჯგუფის ბავშვებს დღეს ჯადოსნური დღე ჰქონდათ. პროფესიების თემასთან დაკავშირებით, ქიმიის გასაოცარ სამყაროში მათი მეგზურები იყვნენ ჩვენი მოსწავლის, ალექსანდრე ღლონტის დედა, სოფო ფაცაცია და თეა სიხარულიძე. მათ ნამდვილი ჯადოქრობები აჩვენეს ბავშვებს ქიმიური ექსპერიმენტების სახით: პატარებმა ნახეს, თუ როგორ დიდდება და იღებს სხვადასხვა ფორმას ციცქნა აბი, როგორ მზადდება ლიმონათი, როგორ იფრქვევა ვულკანი და იხილეს სხვადასხვა ფერის "სპილოს კბილის პასტა”. ბოლოს კი, დიდი სიხარულითა და მხიარულებით გაეხვივნენ მშრალი ყინულის კვამლში.

მათემატიკური ვიქტორინა

26 Oct 2018

25 ოქტომბერს შედგა მეოთხეკლასელების გაერთიანებული მათემატიკური ვიქტორინა. მოსწავლეები კლასების მიხედვით არ გაერთიანებულან, შედგა შერეული ჯგუფები. ბავშვები ძალიან მოტივირებულები და მიზანდასახულები თამაშობდნენ. პატარებმა გამოავლინეს ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარები. ბოლოს კი, მათი მოწინააღმდეგეების წარმატება მეგობრულად აღიარეს და გამარჯვებული გუნდი ტაშითა და ოვაციებით დააჯილდოვეს.

გაეროს დღისადმი მიძღვნილი პოსტერების გამოფენა

25 Oct 2018

გაეროს დღესთან დაკავშირებით, 24 ოქტომბერს ევროპული სკოლის IB საბაზო პროგრამის მოსწავლეებმა ემოციური ჯანმრთელობის თემაზე მათ მიერ შემქნილი პოსტერები გამოფინეს. პოსტერები ეხებოდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა: 1) რა არის ემოციური ჯანმრთელობა? 2) როგორ ვიზრუნოთ ჩვენს ემოციურ ჯანმრთელობაზე? მოცემული აქტივობა უცხო ენების შესწავლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და უკავშირდება ჩვენი სტუდენტებისათვის გლობალური ხედვის ჩამოყალიბებას.

პირველი PYP ასამბლეა - მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად

24 Oct 2018

22 ოქტომბერს ჩატარდა საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამის (1-5 კლასები) პირველი ასამბლეა. ასამბლეის ძირითადი თემა იყო IB Learner Profile, რომელიც გულისხმობს იმის განსაზღვრას, თუ რა ტიპის პიროვნულ მახასიათებლებს უნდა ფლობდეს ბავშვი IB პროგრამის სასწავლო პროცესში მაქსიმალურად ეფექტური მონაწილეობისათვის. მოსწავლეებმა ამ თემაზე კითხვა-პასუხის რეჯიმში ისაუბრეს და უყურეს ინფორმაციულ ვიდეოებს IB Learner Profile-ის შესახებ. გარდა ამისა, გაიმართა მოსწავლეთა მიერ გადაღებული ვიდეორგოლების ჩვენება, რომლებიც მიზნად ისახავდა ბავშვებისათვის ჩვენი სკოლის ყოველდღიური რეჟიმის, ქცევისა და უსაფრთხოების წესების უკეთ გაცნობას. სასწავლო წლის მანძილზე, ამ ფორმატის ასამბლეები ყოველთვიურად ჩატარდება. მათი ძირითადი მიზანია სკოლის ცხოვრებაში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა და სიტუაციური სწავლების გაძლიერება.

შეხვედრა გიორგი კეკელიძესთან

24 Oct 2018

ოთხშაბათს, 24 ოქტომბერს, გაიმართა გიორგი კეკელიძის შეხვედრა ჩვენი სკოლის მე-4 კლასელებთან. ცნობილი მწერალი ბავშვებს ესაუბრა წიგნების შექმნის თემაზე.

ხატვა ხელნაკეთი ბუნებრივი საღებავებით

23 Oct 2018

ჯანსაღი ცხოვრების წესის თემის ფარგლებში, ჩვენმა მე-3 კლასელებმა ხელოვნების გაკვეთილზე საკუთარი ხელით, ნულიდან დაამზადეს ეკო საღებავები. საღებავების მისაღებად მათ გამოიყენეს ნატურალური პიგმენტი ისეთი ბუნებრივი მასალებისაგან, როგორებიცაა: ბალახი, სანელებლები, ყავა, ხილის წვენი, ფქვილი, ნახშირი და ა.შ. ხელნაკეთი საღებავების დახმარებით, პატარა ხელოვნებმა ულამაზესი, ფერადი ნახატები შექმნეს. მათი ხუთივე შეგრძნება აქტივირებული იყო ამ კრეატიული პროცესის დროს.