ახალი ამბები

ცნობილი რუსი ენათმეცნიერების სემინარი ევროპულ სკოლაში
23 Oct 201820-21 ოქტომბერს ევროპულ სკოლაში ჩატარდა სემინარი "რუსულის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკა", რომელსაც უძღვებოდნენ ამ სფეროს ექსპერტები - ცნობილი რუსი ენათმეცნიერები სტანისლავ ჩერნიშოვი და მისი მეუღლე ანნა ჩერნიშოვა. სემინარს ესწრებოდნენ რუსული ენის სკოლის პედაგოგები და უმაღლესი სკოლის ლექტორები მთელი საქართველოდან. მონაწილეებმა ძალიან სასარგებლო და ინფორმაციით დატვირთული ორი დღე გაატარეს, რის შემდეგაც მათ გადაეცათ სერთიფიკატები.

პირველადი დახმარების ტრენინგი წითელი ჯვრისაგან
23 Oct 2018ტრანსდისციპლინარული თემის ფარგლებში "როგორ მუშაობს სამყარო", IB-ს მოსწავლეები სწავლობენ პროცესების შესახებ, რომლებიც გამოიყენება ამა თუ იმ სიტუაციაში სტრუქტურიზებული ქმედებების საშუალებით უკეთესი შედეგების მისაღებად. ევროპულმა სკოლამ უმასპინძლა წითელი ჯვრის კოორდინატორ თეა ჩიკვილაძეს, რომელმაც ჩვენს მე-5 კლასელებს ჩაუტარა ტრენინგი პირველადი დახმარების შესახებ. ბავშვებმა ისწავლეს ხელოვნური სუნთქვის ჩატარება და პირველადი დახმარების აღმოჩენა . გარდა ამისა, მათ გაიგეს პრობლემების შესახებ, რომლებიც საფრთხეში მყოფ ადამიანს შეიძლება შეექმნას და შეისწავლეს მათი მოგვარების გზები.

ახალი VS მაცივარში შენახული ხილი
23 Oct 2018საკვების შესწავლის პროექტის ფარგლებში, ევროპული სკოლის IB პროგრამის მე-5 კლასელებმა ჩაატარეს კვლევა-დეგუსტაცია და ერთმანეთს შეადარეს ახალი და მაცივარში შენახული ხილის გემოები. მათ გააანალიზეს მიღებული შედეგები და კიდევ ერთხელ დაინახეს ახალი პროდუქტებით კვების უპირატესობა.

ვიზიტი ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში
23 Oct 2018"კულტურებს შორის განსხვავებებისა და მსგავსებების" სასწავლო თემის ფარგლებში, ჩვენი სკოლის IB დაწყებითი პროგრამის მე-4 კლასელები ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ. მუზეუმში წარმოდგენილია ქართული, აღმოსავლური და ევროპული ფოლკლორული სიმღერების ნიმუშები და მუსიკალური ინსტრუმენტები. გარდა მუსიკალური ინსტრუმენტებისა, ბავშვებმა დაათვალიერეს სხვადასხვა არტეფაქტები, ფოტო და ვიდეო მასალა. მოსწავლეებს თან ახლდათ მათი მუსიკის მასწავლებელი, რომელთან ერთადაც მომდევნო გაკვეთილებზე გამოიყენებენ მუზეუმში მიღებულ ცოდნას.

ა.შ.შ.-ს უნივერსიტეტები EducationUSA-ს მინი-გამოფენაზე ევროპულ სკოლაში
22 Oct 2018ევროპული სკოლის ამოცანაა, დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს მათ წინაშე მდგარი უმაღლესი განათლების შესაძლებლობებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღებაში. იმის მიუხედავად, თუ რა ტიპის სასწავლებელს მიანიჭებენ უპირატესობას, ჩვენი ძირითადი მიზანია, გავუმარტივოთ მათ უმაღლესში ჩაბარების კომპლექსური პროცესი, იქნება ეს საზოგადოებრივი კოლეჯი თუ სახელმწიფო სკოლა, რეგიონალური უნივერსიტეტები თუ მსოფლიოს წამყვანი მაღალრეიტინგული, სელექციური ინსტიტუტები. სწორედ ამიტომ, ვუმასპინძლეთ ამ გამოფენას და ერთ სივრცეში მოვუყარეთ თავი სხვადასხვა ტიპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დელეგაციებს ა.შ.შ.-დან.

გასვლითი ვიზიტი იპოდრომზე
20 Oct 2018პარასკევს, 10 ოქტომბერს, ჩვენი IB საბაზო პროგრამის მე-8 კლასელები იპოდრომს ესტუმრნენ. ეს ვიზიტი მათთვის ახალი შთაბეჭდილებებითა და გამოცდილებით დატვირთული აღმოჩნდა: ბავშვები ახლოს გაეცნენ ცხენების მოვლის პროცესს, მიიღეს ინფორმაცია ცხენით ჯირითის დადებით გავლენაზე ჯანმრთელობაზე და თავადაც მიიღეს მონაწილეობა ცხენებისა და თავლის მოწესრიგებაში. პროფესიონალმა ინსტრუქტორმა მათ პრაქტიკაში შეასწავლა ცხენის შეკაზმვის, სწორად ჯდომისა და უსაფრთხო ჯირითის წესები. დასასრულს, მოსწავლეები დაემშვიდობნენ ახალშეძენილ ოთხფეხა მეგობრებს და გადაწყვიტეს, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან მათ სანახავად უახლოეს მომავალში.

ახლებურად დანახული "ვეფხისტყოსანი" - გიორგი კახიშვილის ლექცია
19 Oct 201819 ოქტომბერს ევროპულ სკოლას პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევარი, გიორგი კახიშვილი ესტუმრა ვეფხისტყაოსანზე სასაუბროდ და მოსწავლეებს გააცნო მისი ორიგინალური მიგნებები, რომლებიც უკვე აღიარებულია წამყვანი მეცნიერების მიერ. შეხვედრის მონაწილეებისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გიორგის მიერ წარმოდგენილი არაორდინალური ხედვა ვეფხისტყოსანში მითოსურ სამყაროსთან არსებულ კავშირებსა და ალეგორიებზე. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა თავადაც გამოთქვეს მოსაზრებები ამ თემაზე და სტუმართან ერთად გაავლეს პარალელები ვეფხისტყაოსანსა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა შედევრებს შორის.

მსოფლიო ჩემპიონი და ევროპული სკოლის მოსწავლეები - ბულინგის წინააღმდეგ
18 Oct 201817 ოქტომბერს ჩვენს სკოლას პროექტ "სპორტი ბულინგის წინააღმდეგ" ფარგლებში სტუმრობდნენ მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე და ცნობილი ფოტოგრაფი და მოგზაური გოგა ჩანადირი. სტუმრებმა მოსწავლეებს გაუზიარეს მათი დამოკიდებულება ბულინგისადმი და ისაუბრეს სპორტზე, როგორც ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტზე.

ექსკურსია ტაო-კლარჯეთში - უძველესი ქართული ძეგლების კვალდაკვალ
18 Oct 201811-14 ოქტომბერს ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ტაო-კლარჯეთში გაემგზავრნენ ექსკურსიაზე. მათ მოინახულეს შავშეთის, კლარჯეთისა და ტაოს კულტურული ძეგლები. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ენახათ ის მნიშვნელოვანი ადგილები, რომელთა შესახებაც საქართველოს ისტორიისა და ქართული ჰაგიოგრაფიის კურსის შესწავლისას იღებენ ინფორმაციას. ოთხდღიანი ტურის განმავლობაში მათ მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლი მოინახულეს, მათ შორის: მერეს ციხე, ქაჯეთის ციხე, არტაანი, შავშეთი, სათლეს ციხე, ტბეთი, დოლისყანა, ართვინი, არტანუჯი, ჯოჯოხეთის კანიონი, ახიზას ციხე, იუსუფელი, ოთხთა ეკლესია, კავკასიძეების ციხე, ვეჟანგეთის ციხე, იშხანი, ოშკი, ხახული, თორთუმის ჩანჩქერი, თორუმის ციხე და ბანის ტაძარი.