ახალი ამბები

სიახლე! გადაიხადე დაბადების დღე ევროპულ სკოლაში

11 Oct 2018

ჩვენი სკოლის კაფეტერია უზრუნველყოფს დაბადების დღის მენიუს თქვენი შვილისა და მისი მეგობრებისათვის. შეკვეთის გაკეთება შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ელექტრონული განაცხადის ფორმის საშუალებით ან მიღების სამსახურში აპლიკაციის შევსებით.

სახალისო გაკვეთილი მე-4 კლასელებისათვის - ვეცნობით ვეფხისტყაოსანს

11 Oct 2018

8 ოქტომბერს, IB-ს დაწყებითი საფეხურის ქართული ენის მასწავლებელმა ლიკა ვეკუამ, ვეფხისტყაოსანის თემაზე არასტანდარტული ფორმატის გაკვეთილი ჩაატარა. "როგორ გავხადო შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" მე-4 კლასელი ბავშვებისთვის უფრო საინტერესო და სახალისო?" -ეს იყო ჩემი მთავარი კითხვა, როდესაც თემის დაგეგმვაზე ვმუშაობდი. რჩევისთვის სკოლის ბიბლიოთეკარ ქალბატონ ნინოს მივმართე. მან ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით გამოცემული წიგნები, პოსტერები, რუკები, სამაგიდო თამაში, პაზლები და სხვადასხვა ლიტერატურა შემომთავაზა. იმის არჩევა, თუ საიდან დაგვეწყო გაკვეთილი, ბავშვებს მივანდე: ყველა ეს მასალა ბიბლიოთეკის დიდ მაგიდაზე გამოვფინეთ და ვთხოვეთ მათ, დაეთვალიერებინათ თითოეული ექსპონატი და თავიანთი აზრები გამოეთქვათ. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ რუსთაველის გენიალური პოემის განხილვასა და მისი პერსონაჟების ახალი კუთხით დანახვაში. ბავშვებისათვის განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა ვეფხისტყაოსანის სამაგიდო თამაში. ასე გახდნენ ჩემი მეოთხე კლასელები რუსთაველის კვალზე მოსიარულე მკვლევარები!", - განაცხადა ლიკა ვეკუამ.

მასწავლებლის საერთაშორისო დღე ევროპულ სკოლაში და საჩუქარი MYP-ს მასწავლებლებისათვის

10 Oct 2018

8 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩვენმა საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამის (MYP) მოსწავლეებმა მოაწყვეს მათი მასწავლებლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ბავშვებმა წარმოადგინეს თეატრალური და მუსიკალური ნომრები, ხელნაკეთი დეკორატიული პოსტერები და ნახატები. კონცერტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები მათ მიერ გამომცხვარი უგემრიელესი ტორტებითა და ნამცხვრებით გაუმასპინძლდნენ მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას.

საუბრები ფსიქოლოგთან - მასწავლებლებსა და ფსიქოლოგს შორის კომუნიკაციის ეფექტურობის ასამაღლებლად

09 Oct 2018

მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრის ეგიდით ევროპულ სკოლაში დაიწყო შეხვედრების ციკლი, რომელიც მიზნად ისახავს ფსიქოლოგს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის ეფექტურობის ამაღლებას. 5 სექტემბერს ჩატარდა სკოლის ფსიქოლოგის, ქალბატონი ქეთი ოსიაშვილის, შეხვედრა დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან, თემაზე ,, ფსიქოლოგისა და მასწავლებლის ურთიერთობის ფორმები’’.

ჯანსაღი კვების სახალისო გაკვეთილი შეფ-მზარეულისაგან

05 Oct 2018

ჩვენი ბაღის მოსწავლეებში ჯანსაღი კვების ჩვევების გამომუშავებაზე ევროპული სკოლის შეფ-მზარეულ გიორგისთან ერთად ვმუშაობთ. გიორგი პატარებს ესაუბრა ყოველდღიურ რაციონში ხილ-ბოსტნეულის ჩართვის აუცილებლობასა და მათ სასარგებლო თვისებებზე. ბავშვები დიდი ინტერესით უსმენდნენ მის რჩევებს და აქტიურად უსვამდნენ კითხვებს. ამის შემდეგ, გიორგიმ პატარებთან ერთად ხილისა და ბოსტნეულისაგან სხვადასხვა სახალისო კომპოზიციები შექმნა, რომელთაც მათი დიდი მოწონება დაიმსახურეს. შეხვედრის დასასრულს, მათ ერთად დააგემოვნეს ჯანსაღი და გემრიელი ნამუშევრები. ბავშვებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ დღეიდან უფრო ხშირად მიირთმევენ ხილსა და ბოსტნეულს.

Franklin and Marshall College და Worcester Polytechnic Institute სტუმრად ევროპულ სკოლაში

05 Oct 2018

2 ოქტომბერს ჩვენმა სკოლამ უმასპინძლა ა.შ.შ.-ს უნივერსიტეტების - Franklin and Marshall College და Worcester Polytechnic Institute-ის წარმომადგენლებს. ევროპული სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო დისკუსიაში სტუმრებთან და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მოცემულ კოლეჯებში მიღების პროცესის შესახებ. ჩვენი საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ IB პროგრამის სწავლების მაღალი სტანდარტების წყალობით ეძლევათ პრივილეგია, გამონაკლისის სახით დაამთავრონ Franklin and Marshall College სულ რაღაც 3 წელიწადში, რაც ზოგადად, არცთუ მარტივი მისაღწევია ა.შ.შ.-ს უნივერსიტეტებში. Worcester Polytechnic Institute, რომელიც ერთ-ერთ წამყვან STEM პროფილის უნივერსიტეტად ითვლება, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ევროპული სკოლის, როგორც STEM მიმართულებაზე ორიენტირებული სკოლის, მოსწავლეებისათვის.

საბავშვო ფესტივალი მთაწმინდის პარკში

04 Oct 2018

შაბათს, 29 სექტემბერს, ევროპული სკოლა წარმოდგენილი იყო თბილისის საბავშვო ფესტივალზე მთაწმინდის პარკში. ფესტივალის სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საბავშვო სფეროში არსებულ სიახლეებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში.

ევროპული სკოლა ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

03 Oct 2018

შაბათს, 29 სექტემბერს, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე ჩვენი სკოლის კარავში წარმოდგენილმა სახალისო ტექნოლოგიებმა ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. ლეგო რობოტები, მფრინავი პროგრამირებადი დრონები, 3D კალამი და ელექტრობის სახალისო ექსპერიმენტები მთელი დღის მანძილზე იზიდავდა ცნობისმოყვარე დამთვალიერებლებს !

გამოფენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

03 Oct 2018

25 სექტემბერს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს სმარტ რობოტები და დამსწრეების დიდი მოწონება დაიმსახურეს.