ახალი ამბები

პროექტი "სახლი" მე-5 კლასელების მონაწილეობით

16 Nov 2018

IB პროგრამის მე-5ა კლასელებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში "სახლი". პროექტია მიზანი იყო, ეჩვენებინა მათთვის სამსახიობო ხელოვნება, როგორც სათქმელის გადმოცემისა და აუდიტორიასთან კავშირის დამყარების საშუალება. პროექტის პირველ ნაწილში ბავშვებმა განიხილეს განსხვავებები "home"-სა და "house"-ს შორის და ისაუბრეს მათგან წარმოშობილ სიტყვებზე. მეორე ნაწილში მოსწავლეებმა წარმოადგინეს იგავის მიხედვით დადგმული მინი სპექტაკლი "სახლი" და განასახიერეს სხვადასხვა პერსონაჟები. ბავშვები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ ამ პროექტში და მასში მონაწილეობის სახით სასიამოვნო გამოცდილება მიიღეს.

3D პრინტერით დაბეჭდილი ქვევრის ავტორი ჩვენი სკოლის ფაბლაბში

15 Nov 2018

ევროპული სკოლის ფაბლაბში გაიმართა ღონისძიება FAB-X Talks, რომლის ფარგლებშიც მოწვეული სპიკერი იყო დავით მიზანდარი, პროექტ Qvevri XYZ-ის ერთ-ერთი ავტორი. Qvevri XYZ-მა პირველი ქართული 3D პრინტერით დაბეჭდილი ქვევრი შექმნა. ტრადიციული ქვევრის წარმოების პროცესების ნაცვლად, ისინი თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ, რისი მეშვეობითაც სტრუქტურულად გაუმჯობესებული და უფრო ხარისხიანი ქვევრი მიიღება. ღონისძიებაზე დავითმა ისაუბრა, თუ როგორ აქციეს ეს ორიგინალური იდეა რეალობად და მოუყვა აუდიტორიას 3D ტექნოლოგიით ქვევრის შექმნის პრინციპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

ვორქშოფი ადამიანის უფლებებზე

13 Nov 2018

სამშაბათს, 13 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ჩვენი მოსწავლეებისათვის ჩატარდა ვორქშოფი "საერთაშორისო და ევროპული ადამიანის უფლებების შესავალი" შეხვედრას უძღვებოდა შარლოტ ვასერანი, მოწვეული ტრენერი გერმანიიდან. ადამიანის უფლებათა ახალგაზრდული ცენტრი , რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია MGSDV - Youth for Democracy-ს ბაზაზეა დაფუძნებული, სამომავლოდაც გააგრძელებს ევროპული სკოლის მოსწავლეებისათვის რეგულარულ ვორქშოფებს ადამიანის უფლებების თემაზე.

MYP-ს ნოემბრის ასამბლეა

12 Nov 2018

ორშაბათს, 12 ნოემბერს, ჩატარდა ევროპული სკოლის საბაზო პროგრამის (MYP) ნოემბრის ასამბლეა. ღონისძიებაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს სპექტაკლი "პატარა გრძელცხვირა", რომელიც დადგმულია ცნობილი გერმანელი მწერლის, ვილჰელმ ჰაუფის, ნაწარმოების მიხედვით. დრამის წარმოდგენის შემდეგ, მოხდა MYP-ს მიერ წინა თვეში განხორციელებული აქტივობების შეჯამება. ასამბლეას ესწრებოდნენ მასწავლებლები, MYP-ს მოსწავლეები სრული შემადგენლობით და ევროპული სკოლის აკადემიური დირექტორი, ქალბატონი სოფიო ბაზაძე.

ტრენინგი რთული ქცევის მართვაში

11 Nov 2018

9-10 ნოემბერს ჩვენი ბაღის მასწავლებლებმა გაიარეს ტრენინგი სახელწოდებით "რთული ქცევის მართვა". ამ ტრენინგზე მათ შეისწავლეს დამატებითი ტექნიკები და სტრატეგიები პრობლემური ქცევის პრევენციისა და მართვისათვის, რაც სამომავლოდ დაეხმარებათ უკეთ აკონტროლონ სასწავლო პროცესის ეფექტური მიმდინარეობა.

შოკოლადის დამზადების მასტერკლასი შოკოლატერია “არტიზანში“

10 Nov 2018

შაბათს, 10 ნოემბერს, 1ბ კლასი იმყოფებოდა შოკოლატერია “არტიზანში“, სადაც მოსწავლეებმა მოისმინეს შოკოლადის გამოგონების ისტორია და გაეცნენ შოკოლადის ნაირსახეობებს. პატარებმა უყურეს შოკოლადის შიგთავსით შევსებისა და ყალიბებში ჩამოსხმის მასტერკლასს. დასასრულს კი გემრიელად მიირთვეს მათ თვალწინ გაკეთებული შოკოლადის კანფეტები და ცხელი შოკოლადი. |ყველა ბავშვი კმაყოფილი, დადებითი ემოციებით სავსე და ტკბილეულობით ხელდამშვენებული დაბრუნდა სახლში.

მე-4 კლასელთა გაერთიანებული ასამბლეა - ვსწავლობთ განსხვავებების პატივისცემას

10 Nov 2018

9 ნოემბერს, ჩვენმა მეოთხე კლასის მოსწავლეებმა საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი საფეხურიდან (PYP) ჩაატარეს გაერთიანებული ასამბლეა. მათ თავი მოუყარეს ბოლო 6 კვირის მანძილზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას და გაუზიარეს ის საერთაშორისო ბაკალავრიატის სხვა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს. ბავშვებმა წარადგინეს პრეზენტაციები თავიანთი ქვეყნების შესახებ: აზერბაიჯანი, ჩეხეთი, ისრაელი, თურქეთი, საქართველო, რუსეთი, ირანი, ომანი და ინდოეთი. მათ ასევე შეასრულეს ქართული, რუსული, თურქული და ინდური სიმღერები და ცეკვები.

შემოდგომა ბოტანიკურ ბაღში

09 Nov 2018

შემოდგომის ბუნების მრავალფეროვნებას ჩვენი ქართული პროგრამის მე-2ა კლასის მოსწავლეები თბილისის ბოტანიკურ პარკში დააკვირდნენ. ხელოვნების მასწავლებელი ლანა ბარაბაძე ბავშვებს ესაუბრა Land art-ის ( მიწის ხელოვნების) შესახებ, შემდეგ კი ოჯახის თემაზე პატარებმა მცენარეებისაგან შექმნეს სახლის კომპოზიცია.

ივერი ჭელიძის სახელობის ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალი

09 Nov 2018

ევროპულ სკოლაში დასრულდა ივერი ჭელიძის სახელობის ჩემპიონატი ფეხბურთში. ტურნირი გაიმართა სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და მასში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის 4-12 კლასელები. ფინალურ მატჩში პირველ საფეხურზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ MYP მე-6 და PYP მე-5ბ კლასის მოსწავლეები, მეორე საფეხურზე - MYP მე-8 და AHS მე-9 კლასები, ხოლო მესამეზე - AHS მე-11 და AHS მე-12. გაიმარჯვეს MYP მე-6, MYP მე-8 და AHS მე-12 კლასების მოსწავლეებმა, შესაბამისი თანმიმდევრობით. გამარჯვებული გუნდის წევრებთან ერთად, ევროპული სკოლისგან, საჩუქრები გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულ მოსწავლეებს: საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო მეკარე და ბომბარდირი. ჩემპიონატში მონაწილეები დააჯილდოეს ევროპული სკოლის დირექტორმა ქალბატონმა სოფიო ბაზაძემ და ბატონმა ივერი ჭელიძემ, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად ესწრება ჩემპიონატის მსვლელობას. აღსანიშნავია, რომ მესამე საფეხურის გამარჯვებული ამერიკული სკოლის მე-12 კლასი წარმოადგენს ივიკოს ყოფილ კლასს, ამიტომაც ამ გამარჯვებას ისინი განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ.