ახალი ამბები

კურსდამთავრებულთა შეხვედრა

12 Jan 2019

29 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა კურსდამთავრებულთა შეხვედრა. შეკრებამ საშუალება მისცა კურსდამთავრებულებს, ჩართულიყვნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქველმოქმედო კამპანიაში - ”აჩუქე სითბო”. ღონისძიებას უძღვებოდნენ კურსდამთავრებულთა ასოციაციის ყოფილი და მომავალი პრეზიდენტები: ირაკლი კიკორია და ნანუკა გოგუაძე. მათ შეაჯამეს გასული წლების აქტივობები და მომავლის გეგმები გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას. ცივმა ამინდმა, მაგრამ თბილმა გრძნობებმა, ცხელმა შოკოლადმა, საახალწლო განათებამ , პარაორკესტრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა მუსიკალურმა ნომრებმა, სულ სხვა ელფერი შესძინა საღამოს, რომელშიც დიდი ენთუზიაზმი ჩადო ”ევროპული სკოლის” კურსდამთავრებულთა ასოციაციამ სკოლის საზოგადოების დანარჩენ წევრებთან ერთად.

საახალწლო საჩუქრები იაშვილის კლინიკისათვის

30 Dec 2018

სანამ არდადაგები დაიწყებოდა, ბავშვებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა PYP-ს მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქციისთვის გააკეთეს შემოწირულობა. ჩვენ მოვამზადეთ საჩუქრების შეკვრა ტკბილეულით, საკანცელარიო ნივთებითა და ტანსაცმელებით. ყველა ამ საჩუქრით, მივედით იაშვილის ბავშვთა კლინიკაში და გადავეცით ისინი ლეიკემიით დავადებულ ბავშვებს. ისინი ძალიან გახარებულები იყვნენ და დიდი მადლობა გადაუხადეს ევროპული სკოლის მოსწავლეებს. ერთად ჩვენ ვქმნით ჩვენს სიხარულით და სიყვარულით სავსე მომავალს!

სათამაშოები საჩუქრად წეროვანის სკოლისათვის

27 Dec 2018

ამერიკული სექტორის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ქველმოქმედებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს - ევროპული სკოლის მასშტაბით, მათ შეაგროვეს სათამაშოები და წეროვანში გაემგზავრნენ, სადაც საკუთარი ხელით გადასცეს ეს სათამაშოები სკოლას. წეროვანში მოსწავლეებთან ერთად მათი მასწავლებლები- ანა ხუციძე, ბესო კიკნაძე და თამარ ჭაღიაშვილი ჩავიდნენ. მათ დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა , ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და კომპიუტერების ოთახი. მოსწავლეები სკოლის დირექტორსაც გაესაუბრნენ და სკოლაში არსებულ პრობლემებს გაეცნენ. მათ გადაწყვიტეს, წეროვანის სკოლას შემდგომშიც დაეხმარონ და მისი ბიბლიოთეკა ახალი და საინტერესო წიგნებით გაამდიდრონ.

Microsoft-ის ტრენინგი

27 Dec 2018

26 დეკემბერს ევროპულ სკოლაში ჩატარდა Microsoft-ის ტრენინგი პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. Microsoft საქართველოს წარმომადგენლობამ, განათლების ბიზნეს განვითარების მენეჯერის, დავით ჭიაბერაშვილის მხარდაჭერითა და დახმარებით, სკოლის პედაგოგებისთვის შეარჩია ტრენინგის სპეციალური კურსი. ტრენინგი მოიცავდა სამ მნიშვნელოვან მიმართულებას: OneNote app-ის გამოყენება სასწავლო პროცესში, Microsoft Teams-ის გამოყენება გუნდური მუშაობისთვის და კოდირება Minecraft-თან ერთად. ტრენინგი აპლიკაციების გამოყენებასთან ერთად სწავლების მეთოდოლოგიასაც მოიცავდა, რაც პრაქტიკულ მუშაობაში აისახა. სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაში Microsoft-ის ხედვა ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ევროპული სკოლისთვის.

საახალწლო არტ ვორქშოპი

26 Dec 2018

ევროპული სკოლის ხელოვნების დეპარტამენტმა სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისათვის ჩაატარა საახალწლო ვორქშოპი. საახალწლო თემატიკის ნამუშევრების შექმნის პროცესში მონაწილეებმა გამოავლინეს მათი კრეატიული უნარები და მხიარულად გაატარეს დრო. ვორქშოპის მონაწილეები თავადაც სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩენენ მათი შრომის საბოლოო შედეგით და დიდი სურვილი გამოთქვეს, უახლოეს მომავალში კვლავ დაიგეგმოს მსგავსი აქტივობები.

კურსდამთავრებულთა შეხვედრა

26 Dec 2018

მოუთმენლად ველით ჩვენს კურსდამთავრებულებთან შეხვედრას ამ განსაკუთრებულ დღეს!

საახალწლო წარმოდგენა “მაკნატუნა”

26 Dec 2018

26 დეკემბერს ევროპული ბაღის პატარა მაკნატუნებმა მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ჯადოსნური წარმოდგენით მიულოცეს შობა-ახალი წელი.  სტუმრად თოვლის ბაბუაც გვეწვია. პატარებმა ბევრი იმღერეს, იცეკვეს და იმხიარულეს.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს

25 Dec 2018

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და ევროპული სკოლის გუნდის წევრებო! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ წარმატებულ 2019 წელს. სასწავლო პროცესი განახლდება ორშაბათს, 2019 წლის 21 იანვარს.

ფილმის "ერთხელ თბილისში ან ათასი წლის შემდეგ" პრეზენტაცია

23 Dec 2018

23 დეკემბერს ევროპულ სკოლასთან არსებულმა "პუშკინის კლუბმა" (ხელმძღვანელი -ნატალია მიქელაძე) ჩაატარა მხატვრული ფილმის "ერთხელ თბილისში ან ათასი წლის შემდეგ" პრეზენტაცია. პროექტის ავტორები არიან ნატალია მიქელაძე და ელისო ადამია, ხოლო ფილმში მონაწილეობენ პუშკინის კლუბის წევრი მოსწავლეები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ პატარა მსახიობები, მათი მშობლები, სკოლის დირექციის და ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ფილმმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.