ახალი ამბები

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
01 Feb 2019საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მეოთხედ ჩატარდა., ”ევროპულ სკოლაშიც”, უკვე ტრადიციულად, AHS-ის მოსწავლეები წიგნებიდან მათ მიერ წინასწარ შერჩეულ ამონარიდებს უკითხავდნენ ერთმანეთს. სკოლის ბიბლიოთეკაში მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მკითხველები და მსმენელები. მოზარდებმა საყვარელი ავტორების კითხვისას გაჩენილი ემოციები და საფიქრალი გაუზიარეს თანატოლებს. დღეს ბიბლიოთეკაში კონტაქტი უდაოდ შედგა...კონტაქტი თანატოლისა- თანატოლთან, სულისა -სულთან, მკითხველისა - წიგნთან....

ჩემი სხეული
01 Feb 201931 იანვარს ”ევროპულ ბაღში”გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: "ჩემი სხეული". ბავშვებმა მოწვეულ მშობლებს წარუდგინეს აღნიშნულ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები და ჩართეს ისინი სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში.

დებატები ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმისა“ და ტოტალიტარიზმის შესახებ
01 Feb 2019ამა წლის 31 იანვარს “ევროპული სკოლის” სააქტო დარბაზში მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები შეიკრიბნენ. მათი დებატების თემა ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა“ და ტოტალიტარიზმი გახლდათ. მოსწავლეებმა იმსჯელეს და იკამათეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ტოტალიტარიზმი და ძალადობა, იდეოლოგია და რეპრესიები, ძალაუფლება და ბედნიერი ცხოვრების ილუზია. დებატებს უძღვებოდნენ მე-7 კლასის მოსწავლეები: ქეთო გოთოშია და თემო თვაური, ასევე, მე-8 კლასის მოსწავლეები: გიგი კაკალაშვილი და ტასო გობიანიძე. დებატების დასასრულს მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, ტრადიციად აქციონ მსგავსი შეხვედრები და უფრო ხშირად შეიკრიბონ სხვადასხვა თემაზე სამსჯელოდ.

ლექცია ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ
01 Feb 201931 იანვარს AHS-ის X კლასის მოსწავლეები პედაგოგ თეკლა ბერაძესთან ერთად დაესწრნენ აზროვნების აკადემიის სალონური საუბრების "ვეფხისტყაოსნის" ციკლის საღამოს, რომელზეც თსუ-ს პროფესორმა ზურაბ კიკნაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე - “ვეფხისტყაოსნის ორი სამეფო და ისტორიის დასასრული.“ ბატონ ზურაბთან შეხვედრა უშუალო და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მეათეკლასელთათვის, რომლებმაც ახალი სემესტრიდან დაიწყეს შოთა რუსთაველის პოემის შესწავლა. ლექციის ბოლოს მომხსენებელმა უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს. მოზარდებმა სურვილი გამოთქვეს, მონაწილეობა მიიღონ "ვეფხისტყაოსნის" ციკლის სხვა საღამოებშიც.

მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია
01 Feb 201928-29 იანვარს “ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიური ღონისძიება - ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. მე-11 კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მრავალფეროვანი პროექტები, რომლებზეც ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდნენ. მოსწავლეებმა საინტერესო და საზოგადოებისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს: “საქართველოში კომაში მყოფი პაციენტების დახმარება“, “როგორ ვაქციოთ ასაკოვანი ადამიანები საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილად?“, “მსოფლიო პოლიტიკა და ბუნებრივი რესურსები”, “ცრურწმენები და დისკრიმინაცია“, “AP საგანთა უპირატესობები“ “ნანო სატელიტი- კუბსატი“ და მრავალი სხვა. პროექტების პრეზენტაციას სკოლის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრებიც ესწრებდონენ: ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი ლიკა გუმბერიძე, ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრის მენეჯერი სტივენ შელი, აშშ-ის საელჩოს კულტურული ურთიერთობების ოფიცერი იულიუს ნ. ცაი, აშშ-ის საელჩოს კულტურული პროგრამების კოორდინატორი დანიელა ტრანი.

”ევროპული სკოლის” მოსწავლეთა გრანტით დაჯილდოება
31 Jan 201928 იანვარს, პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა“ გრანტით დააჯილდოვა განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების მქონე, კლასგარეშე საქმიანობითა და სამოქალაქო ჩართულობით გამორჩეული შემდეგი 18 მოსწავლე: გობიანიძე ანასტასია (8ბ), შენგელია მარიამ (8ბ), შუშანია ალექსანდრე (8ა), იაკობიძე ანა-მარია (9ა), დიასამიძე ანა (9ა), შოშიაშვილი ნუგზარ (9ა), დარჩიაშვილი სოფო (9ბ), ყუბანეიშვილი თორნიკე (10), ზედგენიძე სალომე (10), ჯოხაძე ელენე (10), ფანჯაკიძე ელენე (10), ახალაია ანა (11), დაგარგულია ნანი (11), გორდაძე ნინო (12), ლელუაშვილი ლუკა (12), შუბლაძე ნინო (12), სააკაძე ელისაბედ (12), კილაძე ხატია (12).

გარემოს გამწვანება
29 Jan 2019მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალური მოქალაქეების აღზრდა ”ევროპული სკოლის” ერთ-ერთი მისიაა. ჩვენი მოსწავლეები ადრეული ასაკიდან ეცნობიან გლობალურ პრობლემებს. 23 იანვარს 1გ კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ გაკვეთილი ჰაერის დაბინძურების შესახებ. ისინი გაეცვნენ პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს, მიიღეს ინფორმაცია გარემოს გამწვანების დადებითი როლის შესახებ. გაკვეთილის შემდეგ პატარები ეწვივნენ სკოლის ორანჟერეას, დარგეს ყვავილები და ისწავლეს მათი მოვლა.

გრიპი და მისგან თავის დაცვა
23 Jan 2019ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში გრიპის ვირუსით დაავადების უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა. გრიპი გადამდები ინფექციაა და განსაკუთრებით ადვილად ვრცელდება ბავშვებში. ევროპული სკოლის ექიმი საჭირო ზომებს მიმართავს, რათა ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას სკოლაში. საინტერესოა, რას გვირჩევს იგი გრიპისგან თავის დასაცავად?

Secret Santa
12 Jan 2019”ევროპული სკოლის” თითოეულ თანამშრომელს 28 დეკემბერს გადაეცა სკოლის ადმინისტრაციის მიერ სპეციალურად მომზადებული საახალწლო საჩუქრები, მოგვიანებით კი თანმშრომლები სკოლის სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ Secret Santa-ს საჩუქრების მისაღებად. საჩუქრების გახსნის და Secret Santa-ს გამოცნობის პროცესი სახალისო აღმოჩნდა თითოეული მოთამაშისთვის და მისცა საშუალება თანამშრომლებს, უფრო უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი.