ახალი ამბები

გიორგი მაჭარაშვილის ლიტერატურული საღამო

26 Mar 2018

23 მარტს “ევროპულ სკოლაში” ჩატარდა ქართული პროგრამის XII კლასის მოსწავლის,დამწყები მწერლის, გიორგი მაჭარაშვილის ლიტერატურული საღამო თემაზე “დაკარგული თაობა”. საღამოზე გიორგიმ ისაუბრა ამერიკელ მწერალთა ”დაკარგული თაობის” შესახებ; იმ თაობისა, რომელმაც გამოიარა პირველი მსოფლიო ომი და ომის დასრულების შემდეგ კვლავ ევროპაში, კერძოდ პარიზში, დაბრუნდა იმედგაცრუებული. გიორგიმ იმსჯელა ერნესტ ჰემინგუეის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდისა და სხვათა ნაწარმოებების შესახებ, რომლებშიც ყოფიერების იდეაა წამოწეული. საღამო საინტერესო, ინფორმაციული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლებისთვის.

დაუნის სინდრომის დღე სადიპლომო პროგრამაში

26 Mar 2018

21 მარტს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სადიპლომო პროგრამის მოსწავლეებმა მოაწყვეს შეხვედრა სკოლის ფართო საზოგადოებასთან. მათ წინასწარ სპეციალური მაისურებიც მოამზადეს დაუნის სინდრომის სიმბოლიკით. მოეზი მოჰამადამინმა, მია ბაიატმა, ნათია მელქაძემ და გიორგი ზირაქაძემ გააკეთეს პრეზენტაციები დაავადების, მისი გამომწვევი მიზეზის შესახებ; მოუთხრეს დამსწრეთ დაუნის სინდრომის მქონე გამოჩენილი ადამიანების შესახებ; ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რასაც დაავადებულ მოზარდთა მშობლები აწყდებიან ყოველდღიურად.

რობოტიქსის კლუბის წარმატება

24 Mar 2018

2018 წლის 1 მარტს “ევროპული სკოლის“ რობოტიქსის კლუბმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ალექსანდრე ქართველის კაბინეტის გახსნაზე წარმოადგინა კლუბის მოსწავლეების: ზაალ ჭუმბურიძისა და ქსენია კოჩურაიტეს მიერ აწყობილი თვითმფრინავის მუშა მოდელი, რომელიც მოზარდებმა ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი A-10-ის ტიპის თვითმფრინავის მიხედვით დაამზადეს. მათმა ნაშრომმა მოწვეული სტუმრების, მათ შორის ამერიკის ელჩის იან კელის და ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტის ლელა ქართველიშვილის, დიდი მოწონება დაიმსახურა.

სტუმრად თეატრში

23 Mar 2018

21 მარტს III-IV კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმს, სადაც მათ იხილეს პეტრე ოცხელის ესკიზები, სასცენო კოსტიუმები და საგრიმიორო ოთახი. მუზეუმის თანამშრომელი ესაუბრა მათ თეატრის, სასცენო ხელოვნებისა და იმ სპეციალობების შესახებ, რომელიც აუცილებელია სპექტაკლის შექმნისთვის. ასევე მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, სხვადასხვა მსახიობის სასცენო კოსტიუმი მოეზომათ.

“ევროპული სკოლისა“ და “მომავლის ლაბორატორიის“ ინოვაციური პროექტი

22 Mar 2018

“ევროპულ სკოლას“ სჯერა, რომ STEM (Science, Technology, Engineering and Mathematics) უნარები გადამწყვეტია ინოვაციების შესაქმნელად და ზოგადად, თანამედროვე ტექნოლოგიური, კონკურენტული მსოფლიოს განვითარებისთვის. ამის გათვალისწინებით, სკოლამ გადაწყვიტა გადაიქცეს STEM სკოლად. 21 მარტს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს “ევროპულ სკოლასა“ და “მომავლის ლაბორატორიას“ შორის. მონაწილე მხარეები იწყებენ ინოვაციურ პროექტს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინოვაციების შექმნაზე და აღჭურავს მოსწავლეებს იმ უნარებით, რომლებიც სამომავლოდ მათ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს დასაქმების პროცესში. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალზე, რომელსაც სკოლის საზოგადოების თითოეული რგოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მსმენელებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სკოლის STEM ხედვისა და პროგრამის განვითარების შესახებ.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები გაეროს მოდელირების კონფერენციებზე

22 Mar 2018

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ჯგუფი უახლოეს წარსულში ორჯერ გაემგზავრა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაეროს მოდელირების კონფერენციებზე დასასწრებად. ჩვენი დელეგატები სულ ახლახან დაბრუნდნენ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართული კონფერენციიდან. ეს გამოცდილება უსათუოდ დაეხმარება მათ, ჩამოყალიბდნენ თავდაჯერებულ, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად, მომავლის ლიდერებად.

"ევროპული ბაღი" დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

22 Mar 2018

21 მარტს “ევროპულმა ბაღმა“ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ბავშვებმა განიხილეს წინდების სიმბოლურობა, შემდეგ კი საკუთარი ხელით დაამზადეს ფერადი წინდები და მოაწყვეს გამოფენა.

ტყის საერთაშორისო დღე

22 Mar 2018

21 მარტს “ევროპულმა ბაღმა“ ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნა. პატარები გაეცნენ ტყეების და მწვანე საფარის მნიშვნელობას, დამცველობით როლს. სხვადასხვა ჯგუფის აღსაზრდელებმა შექმნეს ნამუშევრები ტყის თემაზე და ბოლოს გამოფენაც მოაწყვეს.

ველოსიპედით მოგზაური სტუმრად “ევროპულ ბაღში“

21 Mar 2018

20 მარტს “ევროპულ ბაღს“ ესტუმრა ველოსიპედით მოგზაური, რომელმაც მოგზაურობა შვეიცარიიდან დაიწყო და გეზი დუბაისკენ უჭირავს. სტუმარმა პატარებს თავისი მოგზაურობის საინტერესო მომენტების, თავგადასავლების შესახებ მოუთხრო, აჩვენა სხვადასხვა ქვეყნის ლამაზი ხედები, უცნაური ცხოველებისა და მწერების ფოტოები. ბაღის აღსაზრდელებმა უამრავი შეკითხვა დაუსვეს მოგზაურს. პრეზენტაციით მიღებული შთაბეჭდილებები იმდენად დიდი იყო, რომ შთაგონებით აღსავსე პატარებმა გადაწყვიტეს, საკუთარი პატარა ველოსიპედებით დაძრულიყვნენ მსოფლიოს ირგვლივ სამოგზაუროდ.