ახალი ამბები

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
21 Mar 201821 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მთელი “ევროპული სკოლა“ ჩაერთო. ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ამ დაავადების მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში - ეს ის ორი უმთავრესი მიზანია, რომელსაც სკოლაში ჩატარებული ღონისძიებები ემსახურებოდა. მოსწავლეები შეუერთდნენ “ფერადი წინდების“ აქციას; მოაწყვეს პრეზენტაციები და საინფორმაციო შეხვედრები ქართულ და საერთაშორისო პროგრამებში; უმასპინძლეს დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს, მათთან ერთად დაესწრნენ “თითების თეატრის“ სპექტაკლს და მსახიობების მიერ შემოთავაზებულ მასტერკლაშიც მიიღეს მონაწილეობა; ერთობლივად შექმნეს ნახატები. ბოლოს კი “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა სამახსოვრო სუვენირებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრეს სტუმრები.

ბუნების გაკვეთილი თბილისის ზოოპარკში
20 Mar 2018ცხოველები, ბუნება, ეკოლოგია, ადაპტაციები- ეს ის საკითხებია, რომლებიც Vა კლასის მოსწავლეებმა, ბუნების მასწავლებელ მანანა ჟამურაშვილთან ერთად, განიხილეს თბილისის ზოოპარკში სტუმრობისას. მოზარდებმა დაკვირვებები აწარმოეს რამდენიმე მიმართულებით: შეისწავლეს ცხოველები სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან და გაეცნენ მათ ადგილსამყოფელს; დაინტერესდნენ ცხოველთა ქცევით; იმსჯელეს სახეობების განსხვავებაზე ძუძუმწოვრებში, თევზებსა და რეპტილიებში; დასვეს უამრავი შეკითხვა. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ზოოპარკში ჩატარებული გაკვეთილის ფარგლებში.

ვიკი-კემპი “ევროპულ სკოლაში“
20 Mar 20182018 წლის 17 მარტს “ევროპულმა სკოლამ” “ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ ერთდღიან ვიკი-ბანაკს უმასპინძლა. რესპუბლიკის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბანაკის მუშაობაში ჩვენი სკოლის ოთხი მოსწავლეც მონაწილეობდა: თორნიკე ყუბანეიშვილი, ელენე ფანჯაკიძე, ელენე ჯოხაძე და ზაალ ჭუმბურიძე. ვიკი-ბანაკი ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის და მისი პრეზიდენტის, ევროპული სკოლის ისტორიის მასწავლებლის, მანანა შეყილაძის ორგანიზებით ჩატარდა. ერთ დღეში ჩვიდმეტმა მოსწავლემ ქართულ ვიკიპედიაში 334 სტატია ატვირთა ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. ვიკი-ბანაკის მონაწილეებს სკოლის პედაგოგმა დავით ნოზაძემ ჩაუტარა ტრენინგი თემაზე, ,როგორ დავიტანოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები “Google map“-ზე.

გიორგი დარჩიძის პერსონალური პროექტი “მდგრადი სკოლის მაკეტი“
20 Mar 2018“ევროპული სკოლის“ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის MYP 10 კლასის მოსწავლემ, გიორგი დარჩიძემ, პერსონალური პროექტის ფარგლებში შექმნა “მდგრადი სკოლის სადემონსტრაციო მაკეტი“. გიორგი აჭარიდანაა და პროექტის მიზნის შერჩევისა და თემის საჭიროების შესწავლისას გაითვალისწინა ორი ფაქტორი: არაჩვეულებრივი ლანდშაფტი არ უნდა მახინჯდებოდეს და ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი ადგილობრივებისთვისაც სამაგალითო უნდა იყოს.

კინოფესტივალი “ოქროს პეპელა“
20 Mar 201815 მარტს, ESTV-ის ხელმძღვანელმა ირაკლი ჯაოშვილმა ჩაატარა პრეზენტაცია საბავშვო ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალის “ოქროს პეპელა 2018“ შესახებ. მან კინოხელოვნებით დაინტერესებულ მოსწავლეებს გააცნო პროექტის მიზანი და არსი, აგრეთვე ფესტივალში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობები და პროგრამა. პრეზენტაციის დასასრულს მოზარდებმა იხილეს ფესტივალის წინა წლებში გამარჯვებული ფილმები. ფესტივალი გაიმართება 29, 30, 31 მაისს და 1 ივნისს “ევროპულ სკოლასა“ და თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

“ოქროს პეპელა“ 2018
19 Mar 2018საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა“ 2018 წლის 15 მარტიდან იწყებს რიგით მერვე ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა სააპლიკაციო ფორმების მიღებას. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია 18 წლამდე ასაკის მოზარდებს როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.

ლიტერატურული ვიქტორინა “ევროპულ სკოლაში“
19 Mar 201815 მარტს ქართული სექტორის VIIIბ კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი თ.ბერაძე) მონაწილეობა მიიღეს სკოლის ბიბლიოთეკაში გამართულ ლიტერატურულ ვიქტორინაში. საგულისხმოა, რომ საგაზაფხულო არდადეგების დაწყების წინ მათ, ნინო კახიანის რჩევით, წასაკითხად აირჩიეს რ.პალაციოს ბესტსელერი. ვიქტორინაზე კი ისინი შეეჯიბრნენ ერთმანეთს ტექსტის ცოდნასა და ნაწარმოების მთავარი იდეის უკეთ გაგებაში; ვიქტორინა სახალისო აქტივობებისაგან შედგებოდა; გამარჯვებული მოსწავლეები : ს. დარჩიაშვილი და გ.ფანჯაკიძე დაჯილდოვდნენ წიგნებით. ყველა მონაწილემ მიიღო სამახსოვრო საჩუქარი; ვიქტორინის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა და უფროსებმა ერთად უყურეს ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ფრაგმენტებს.

ლექცია თემაზე "ნარჩენების მდგრადი მართვა"
17 Mar 201815 აპრილს “ევროპულ სკოლას“, ეკოკლუბის ხელმძღვანელის მანანა ჟამურაშვილის ინიციატივით, ესტუმრა “ეკოხედვის“ თანამშრომელი ეთო ჯინჭარაძე, რომელმაც ეკოკლუბის მოსწავლეებს ჩაუტარა ინტერაქტიური ლექცია თემაზე "ნარჩენების მდგრადი მართვა". მოსწავლეებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია და იმსჯელეს ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.

პროექტი “წარმოების განვითარება თბილისში“
15 Mar 2018ქართული პროგრამის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების: მაია მელიქიშვილისა და ნატო კიბაბიძის ხელმძღვანელობით, დაიწყეს სამოქალაქო განათლებისა და მათემატიკის საგნების ინტეგრირებული პროექტი ,,წარმოების განვითარება თბილისში''. ამ პროექტის ფარგლებში ისინი 27 თებერვალს ესტუმრნენ ფარმაცევტულ საწარმოს ,,ავერსი'', 20 მარტს კი გეგმავენ ,,პსპ“-ს ფარმაცევტულ საწარმოში ვიზიტს. სამომავლოდ მოიაზრება როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი მრეწველობის სხვა საწარმოებისა და კომპანიების მონახულება, აგრეთვე შეხვედრა მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრთან.