ახალი ამბები

MYP ასამბლეა

25 Sep 2019

MYP ასამბლეაზე, მოსწავლეებს გააცნეს სიახლეები სასწავლო ექსკურსიების, საზოგადოების სამსახურისა და ახალი სამეცადინო ოთახის გახსნის შესახებ. ამ უკანასკნელით სადილის დროს ისარგებლებენ მოზარდები, რომელთაც დამატებით სურთ დამოუკიდებლად მეცადინეობა. ბატონმა რიზმა მოსწავლეებს მოუთხრო იგავი სათაურით: “იმპერატორი და მარცვალი“, რომელმაც მოზარდები დააფიქრა კეთილსინდისიერებაზე, ნდობასა და სწორად მოქცევაზე იმ შემთხვევაშიც კი, როცა არავინ გიყურებს. ეს ყველაფერი ესადაგება სკოლის სლოგანს: “ სრულყოფილება სწავლაში ცხოვრებისთვის მზადების გზაზე“ . MYP პროგრამის ხელმძღვანელმა წარმატების თასით დააჯილდოვა ყველა მე-6 კლასელი MYP პროგრამასთან საუკეთესო შეთვისებისა და სანიმუშო ყოფაქცევისთვის.

IB სადიპლომო პროგრამის ასამბლეა

23 Sep 2019

23 სექტემბერს სკოლის მთავარ დარბაზში IB სადიპლომო პროგრამის რიგით მე-2 ასამბლეა გაიმართა. ასამბლეის თემა იყო Welcome to Pre-University, მიზანი კი ცნობიერების ამაღლება უნივერსიტეტებისა და სტუდენტობის სტატუსის შესახებ. IB პროგრამის ხელმძღვანელმა ბრაის ბომომ განაცხადა “იმას, რასაც თქვენ გააკეთებთ უნივერსიტეტში გავლენას მოახდენს თქვენს განათლებაზე, თქვენს უნივერსტეტურ ცხოვრებაზე, არა მხოლოდ აკადემიურად, არამედ მოგეცემათ შესაძლებლობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების. ” DP შეკრებები ჩატარდება ყოველ ორშაბათს, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.

ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე

18 Sep 2019

ოზონის შრის დღესთან დაკავშრებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა “ევროპული სკოლის” მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფომაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი ნინო გვაზავა შეხვდნენ, მათ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და დეტალურად ესაუბრნენ ოზონის დაცვის საერთაშორისო დღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, ასევე მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია ოზონის შრის და ამ მხრივ საქართველოში არსებული რეალობისა და მიღწეული შედეგების შესახებ. თამარ ალადაშვილმა მოსწავლეებს ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობები გააცნო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტის - “ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობისთვის“ - ფარგლებში ოზონის შრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმართება გზავნილით: “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც VII-XII კლასის სკოლის მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებსა და ვიდეოგრაფიკოსებს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მოსწავლეებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

სკოლაში დაბრუნების აღსანიშნავი შეხვედრა

18 Sep 2019

სამშაბათს, 17 სექტემბერს MYP პროგრამის თანამშრომლები და მშობლები შეიკრიბნენ სკოლაში დაბრუნების აღსანიშნავ საღამოზე, სადაც გაეცნენ MYP პროგრამის ხელმძღვანელის ხედვასა და MYP კოორდინატორის საგანმანათლებლო ფილოსოფიას. სხვასახვა საგნის მასწავლებლებმა ნაყოფიერად იმუშავეს, რათა მშობლებისთვის წარედგინათ საგნის სპეციფიკა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია კურიკულუმის შესახებ, შეფასებული ნაშრომები. მადლობას ვუხდით MYP პროგრამის თანამშრომლებსა და მშობლებს ამ შეხვედრის მხარდაჭერისთვის. მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების თანამშრომლობა არის გასაღები მაღალი ხარისხის განათლებისა, სადაც წინა პლანზეა წამოწეული სწავლაში საუკეთესო შედეგის მიღწევა.

MYP ასამბლეა

18 Sep 2019

16 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის პირველ MYP ასამბლეაზე პროგრამის ხელმძღვანელმა რიზ ხანმა მოსწავლეები დააფიქრა განსხვავებაზე “კარგსა“ და “საუკეთესოს“ შორის, რათა შთაეგონებინა ისინი მიაღწიონ საუკათარი შესაძლებლობების მაქსიმუმს. ასამბლეა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის განვითარებას. გვინდა, ხაზი გავუსვათ აღნიშნულ ასამბლეაზე მოსწავლეთა მიერ გამოვლენილ ჩართულობასა და ინტერესს.

შეხვედრები მშობლებთან

17 Sep 2019

MYP პროგრამის ხელმძღვანელმა რიზ ხანმა მშობლებთან შეხვედრები გამართა და მათ MYP პროგრამის ასპექტები და მოსაზრებები გააცნო. სასწავლო წლის დასაწყისში მშობლებს წარუდგინეს სამომავლო გეგმები და ცვლილებები მომავალში განსახორციელებელი საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით. დაინტერესებულ მშობლებს მიაწოდეს ინფორმაცია MYP პროგრამის პროგრესულად წარმართვის შესახებ. მადლობას ვუხდით ყველა მშობელს მობრძანებისთვის და ველოდებით სამშაბათს, 17 სექტემბერს, 16:00 საათზე, მთავარ დარბაზში, სადაც შეხვდებიან მასწავლებლებს და გაეცნობიან MYP პროგრამას საგმენის მიხედვით.

PYP პროგრამის მშობელთა საორიენტაციო შეხვედრა

16 Sep 2019

13 სექტემბერს PYP პროგრამის (1–5 კლასი) მშობელთა საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მშობლების შეხვედრა და ახალი სასწავლო წლის ეფექტური დაგეგმვა. შეხვედრაზე მშობლები გაეცნენ რას უნდა ელოდონ მომავალ წელს. დაწყები პროგრამის ხელმძღვანელობმა წარმოადგინეს სასკოლო პოლიტიკა, სასწავლო გეგმა და შეფასების სისტემა. მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ვუსურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ახალ სასწავლო წელს!

რომან შტრასე “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა

16 Sep 2019

11 სექტემბერს “ევროპულ სკოლას“ ევროპარლამენტის ინტერკულტურული ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი რომან შტრასე ესტუმრა. შტრასემ “ევროპული სკოლის“ და “საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების“ წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტის მიზნები და სამომავლო გეგმები განიხილა. ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის გენერალური მდივანმა ახალი საერთაშორისო პროექტები დააანონსა, რომელიც ახალგაზრდა დიპლომატებისთვის, ევროპარლამენტის ეგიდით, ბრიუსელში ჩატარდება. შეხვედრის დასასრულს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა რომან შტრასეს სკოლის შენობის ტური ჩაუტარეს და მათი სწავლების მეთოდები დეტალურად აუხსნეს. რომან შტრასეს ვიზიტი “ევროპულ სკოლაში“ ამა წლის აპრილის თვეში, ევროპარლამენტში გაფორმებული ოთხმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა.

სახალისო ვარჯიშები მოსწავლეებისთვის

13 Sep 2019

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს სწავლის დაწყება ბავშვთა ფიზიკური აღზრდის აკადემია “1-2-3“-მა მიულოცა. აკადემიის მწვრთნელებმა და ფიზ. თერაპევტებმა სახალისო გაკვეთილი ჩაუტარეს ბავშვებს. აქტივობას ასევე ესწრებოდა საქართველოს ოლიმპიური ნაკრებების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი. იგი ესაუბრა ბავშვებს ფიზიკური აღზრდისა და ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე. ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო ჯგუფი ზრუნავს “1-2-3“-ის წევრების ჯანმრთელობაზე და აკადემიის ფიზ. თერაპევტებთან ერთად სისტემატურ მონიტორიგს უწევს მათ სწორ განვითარებას. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს “1-2-3“-ის აკადემიაში ვარჯიშის შესაძლებლობა აქვთ სკოლიდან გაუსვლელად, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ. “1-2-3“ ადგილია, სადაც ბავშვებს პროფესიონალები ავარჯიშებენ!